program_image

23 February, 2024

ღვინის ეტიკეტი - ესთეტიკის მიღმა

იაკოპო, როგორც ბრენდისა და შეფუთვის დიზაინერი, ხომ ვერ გაგვიზიარებდით თქვენ გამოცდილებას ღვინის ეტიკეტის დიზაინისა და იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში?

არაერთი ეტიკეტის შექმნის შემდეგ, სხვადასხვა მასშტაბის ისეთი მეღვინეობებისთვის, რომლებიც ნატურალური და ევროპული სტილის ღვინოს წარმოებაზე არიან ორიენტირებული, გავაანალიზე თუ რამდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს საქმიანობა. ეტიკეტების დიზაინის შემუშავება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. საჭიროა იდეალური ბალანსისა და იერარქიული წესრიგის დაცვა იმ ინფორმაციისა და ელემენტების გათვალისწინებით, რომლებიც გამოსახული უნდა იყოს შეზღუდული ზომის ეტიკეტზე. ასევე მნიშვნელოვანია მასალების სწორად არჩევა და, რა თქმა უნდა, სწორად დაბეჭდვა. ეს ყველაფერი ეფექტურად უნდა ჩაჯდეს ამა თუ იმ მეღვინეობის იდენტობაში.

შეგიძლიათ განმარტოთ, კონკრეტულად როგორ მიმოიხილავს კურსი ღვინის ეტიკეტის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს? როგორ შეასწავლით ამ პრინციპებს კურსის მონაწილეებს?

ეტიკეტი ზომით პატარაა, ამიტომ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და შესაბამისად, დიზაინი სათანადოდ უნდა იყოს გააზრებული. კარგი შედეგის მიღწევისთვის, საჭიროა იმის გათავისება, თუ როგორ შეუძლია სწორ დიზაინს, მომხმარებლის ხედვა მთელ კომპოზიციას მოარგოს. ასევე, საჭიროა იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ფერები, ტიპოგრაფია და იკონოგრაფია ეტიკეტის შექმნის პროცესში.

ვიზუალური უნარების გასაუმჯობესებლად, კურსის მონაწილეები ჩაერთვებიან ღვინის ისეთი ეტიკეტების შერჩევის პროცესში, რომელიც დააკმაყოფილებს დიზაინის ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ ეტიკეტებთან დაკავშირებით უკუკავშირის დაფიქსირების საშუალება, რითიც გამოჩნდება მათი ხედვისა და უნარების პოტენციური გაუმჯობესების მიმართულებები.

კურსის ფარგლებში, როგორ იქნება წარმოდგენილი სტრატეგიული აზროვნების ასპექტი, რომლის საშუალებითაც მონაწილეები სპეციალურად ღვინის ეტიკეტის პროექტებისთვის მორგებული ბრიფის შექმნას შეძლებენ? შეგიძლიათ ამ პროცესის ძირითადი კომპონენტები განიხილოთ?

აუცილებელია უპირველესად ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი მყარი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. დიზაინის ბრიფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გზამკვლევს დიზაინის შემუშავებისთვის, თუმცა მას ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ უთმობენ და პროექტს დიზაინერის „კრეატიულობის“ იმედად ტოვებენ, რაც თავისთავად პროექტის მიზნების ძირითადი ფოკუსების დაკარგვის რისკებს უკავშირდება.

კურსის შეხვედრების განმავლობაში გვექნება საშუალება განვიხილოთ და გავაანალიზოთ ღვინის ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა. მონაწილეები შეისწავლიან, როგორც ბაზრის ტენდენციებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებს, ასევე გაეცნობიან მომხმარებლებისა და დისტრიბუტორების შეხედულებებს. ყველა ეს აქტივობა დაეხმარება მეღვინებებსა და დიზაინერებს ყოვლისმომცველი ბრიფის შემუშავებაში, რომელიც ეფექტურად ეხმიანება სამიზნე აუდიტორიას.

შეგიძლიათ ისაუბროთ ღირებულ წვლილსა და ინფორმაციულ სიახლეზე, რომელსაც კურსში ექსპერტები შეიტანენ ისეთი პარტნიორი კომპანიებიდან როგორებიცაა UPM Raflatac, Luxoro და Eticefificio SANFAUSTINO?

საერთაშორისო გამოცდილებისა და ბაზარზე წამყვანი როლების დაკავების წყალობით, ამ კომპანიების ექსპერტებს შეუძლიათ კურსის მონაწილეებს გააცნონ უახლესი ტექნიკური საშუალებები, მიღწევები და გაუზიარონ რჩევები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შესაფერისი საბეჭდი ქაღალდის არჩევა და ბეჭდვის ტექნიკა. სამივე კომპანიის წარმომადგენლების ონლაინ ჩართულობის გარდა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ქაღალდის ფიზიკურ ნიმუშებზე და უშუალოდ კომპანიების მიერ მოწოდებულ საბოლოო ეტიკეტებზე, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მათ სასწავლო გამოცდილებას.

სტრატეგიული სესიის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ნეირომარკეტინგისა და ნეირომეცნიერების მნიშვნელობას დიზაინში. კონკრეტული ქეისების განხილვის საშუალებით, მათ შორის ისეთების, რომლებიც UPM Raflatac-თან და Sensecatch-თან თანამშრომლობით არის შემუშავებული, მონაწილეებისთვის ნათელი გახდება ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებლების მიერ სასურველი ეტიკეტების არჩევასა და მასზე დაყრდნობით ღვინის ხარისხის აღქმაზეც კი.

როგორ უზრუნველყოფს კურსი მონაწილეებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების გადაცემას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ ახალი ცოდნა უშუალოდ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, ღვინის ეტიკეტების დიზაინის ინდუსტრიაში გამოიყენონ?

ინფორმაციული სესიების გარდა, ნიმუშებთან/საბოლოო პროდუქტებთან პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას დიზაინის პროცესის შესახებ. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გაანალიზებული ექნებათ თუ რა გზას გადის დიზაინის პროცესი სტრატეგიული თვალსაზრისით და ამავდროულად, რა შეზღუდვები და შესაძლებლობები არის გასათვალისწინებელი როცა საქმე შემოქმედებით არჩევანს ეხება.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დასაბეჭდად გამზადებული საბოლოო მასალები ექნებათ, რომლითაც შემდგომ სტამბებთან საქმიანი კომუნიკაციის გაგრძელებას შეძლებენ.

გაზიარება