პროფესია დიზაინერი, თანამედროვე უნარ-ჩვევები და გამოწვევები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვალდაკვალ ჩნდება. ამ ბლოგში ვსაუბრობთ საკონსულტაციო და კვლევით კომპანია Insource-ის მმართველ პარტნიორთან, მედეა ტაბატაძესთან ერთად.
მედეა, საუბარი დავიწყოთ შემოქმედებითი უნარების და ზოგადად, შემოქმედებითობის როლით დღევანდელ ბიზნეს გარემოში. როგორ ხედავთ ადამიანის ამ უნარის მნიშვნელობას დღევანდელ დღეს?
შემოქმედებით აზროვნების უნარს ბიზნესისთვის შეუძლია გამარღვეველი ინოვაციების შექმნა. დღევანდელ მრავალფეროვან და მუდმივად განახლებად ბაზარზე, ახალი თუ უკვე არსებული სერვისის, პროდუქტის გარდაქმნა და განვითარება, მეტწილად შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული. წარმატების ხარისხსს, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ შემოქმედებითობა განსზაღვრავს. ის, არა მხოლოდ, მომხმარებლების შენარჩუნებისთვის, არამედ ორგანიზაციის შიგნით, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელადაა მნიშვნელოვანი.
პროფესია დიზაინერი. როგორ განიმარტება ის საქართველოში და როგორია ეს დეფინიცია თქვენი გამოცდილებიდან. როგორც ვიცით, დიზაინით ხართ დაინტერესებული.
საქართველოში ამ პროფესიის აღქმა კვლავ ვიზუალურ მიმართულებას უკავშირდება, იქნება ეს ინტერიერის, ლანდშაფტის დიზაინი თუ სხვა. დიზაინერი, ნამდვილად არის ის ადამიანი, ვინც მომხმარებლის საჭიროების მიხედვით ქმნის პროდუქტს თუ სერვისს. გამომდინარე აქედან, ეს პროფესია თავის თავში უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. ახალი პერსპექტივით, ეს არის პროფესია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ბიზნესში, ნებისმიერ სფეროში, მოაგვაროს რეალური პრობლემა ადამიანზე მორგებული გადაწყვეტილების პოვნით. დღეს, ორგანიზაციის ლიდერი არის და უნდა იყოს კარგი დიზაინერი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ პროფესია დიზაინერზე, მოვიაზრებთ გადაწყვეტილების მპოვნელ და მიმღებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სწრაფი ადაპტაცია ცვლილებასთან. ვფიქრობ, რომ ყველა გუნდში მალე გაჩნდება - დიზაინერი, რომელიც რეალურ პრობლემებს, სწორ გადაწყვეტილებებს უპოვის.
დღეს Insource-ის მართვის პარალელურად, თქვენ სწავლობთ პროგრამირებას, მონაცემთა ანალიზს და მართვას, პროდუქტის მენეჯმეტს… რამდენად მნიშვნელოვანია ერთი პროფესიის პარალელურად, ვეუფლებოდეთ სხვადასხვა პროფესიის უნარ-ჩვევებს და ვსწავლობდეთ განსხვავებულ დარგებს?
თანამედროვე სამყაროში კარიერული განვითარება შეიცვლა. ის ადამიანისგან მოითხოვს მუდმივად ფიქრს სწავლასა და ახალი უნარ-ჩვევევის შეძენაზე. ამისთვის, აუცილებელ პირობად ადამიანს, განურჩევლად თაობისა, სჭირდება საკუთარი ენერგიისა და ემოციების მართვა. დღეს იმდენად სწრაფად ცვალებადია გარემო, რომ ცვლილებებისთვის მზაობა კრიტიკულად მნიშველოვან როლს ასრულებს პროფესიულ განვითარებაში. ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანს მუდმივად აინტერესებდეს ახალი სფეროს შესწავლა, აღმოჩენა, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გაცნობიერება და აღიარება, რომ მუდმივად ცვლილების პროცესში იქნები, გეხმარება გაუმკლავდე გარემოში მიმდინარე პროცესებს და შეინარჩუნო პროდუქტიულობა.
ახალი რეალობა. მუდმივი ცვლილებები. შეიცვლა თუ არა ადამიანური მართვის მოდელი და საკუთარი გამოცდილებით, რა რჩევები გექნებოდათ ცვლილებებისთვის მზაობის შესაქმენლად?
დღეს ყველა თაობის ადამიანს აწუხებს ყურადღებისა და კონცენტრაციის პრობლემა. ჩვენ გარშემო ბევრი სტრესორია, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამაზე დღეს ყველა საუბრობს, თუმცა, რეალურად, მენტალური თუ ფიზიკური სიჯანსაღე ისევ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
ენერგიის ნაკლებობა, დაბალი პროდუქტიულობა, მოტივაციის სიმცირე და დაძაბულობა, მუშაობისა თუ შედეგიანობის ხარისხს მკვეთრად ამცირებს. ადამიანს სჭირდება პირადი ჰიგიენის შემუშავება ტექნოლოგიების, სამუშაო გარემოს თუ პროფესიული საქმეებისადმი. განვითარებული ქვეყნები ამაზე ფოკუსირებულ მართვის მოდელებზე უკვე მუშაობენ, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების პროდუქტიულობაზე და შესაბამისად, მათ მეტი მზაობა აქვთ ცვლილებებისადმი.
ტექნოლოგიური პროგრესის პარადოქსი… რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო იზრდება ადამიანის დატვირთულობა. რას გვეტყვით ამ მოვლენაზე?
კლეიტონ კრისტენსენი წიგნში ,,Distraptive Inovation” წერს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანებისგან უფრო მეტ დროს წაიღებს, რადგან ადამიანები ყველაფერს ტექნოლოგიების დახმარებით აკეთებენ. ჩვენს მოცემულობაში ადამიანის ნებისმიერი საჭიროება ტექნოლოგიურ პროდუქტად არის ქცეული. აპლიკაციები განათლებისთვის, სოციალური ურთიერთობებისთვის, კვებისთვის, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შესაბამისად, რადგანაც ჩვენს ყოველდღიურობაში ტექნოლოგიების როლი ძალიან დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ,,ჰიგიენის” დაცვა და გონების გადატვირთვა არატექნოლოგიური აქტივობებით.
როგორია დიზაინის როლი ამ მოვლენებში და რა გამოწვევებია საქართველოს ბაზარზე?
ჩვენი მთავარი გამოწვევა მომხარებლების სურვილებისა და პრობლემების მიგნება და იდენტიფიკაციაა. დიზაინის ხელსაწყოების გამოყენებას ორგანიზაციულ თუ ბიზნეს გადაწყვეტებში ახლა ვიწყებთ. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება პროფესია დიზაინერი, რომელიც გუნდში სწორ კითხვებს დასვამს, სწორ აქცენტებს გააკეთებს და სწორ მეთოდოლოგიებს გამოყინებს პრობლემის გადასაჭრელად.
როგორ და სად შეიძლება ამ მხრივ ცოდნის შეძენა, რა რეკომენდაციები გექნებოდათ ამ თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის?
დიზაინ მიდგომისა და აზროვნების პოპულარულობის ზრდასთან ერთად, იზრდება შესაძლებლობები ამ უნარ-ჩვევების შესაძენად. რა თქმა უნდა, IDEO-სა და Stanford Design School-ის კურსები ხარისხიანი ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა. გამოვარჩევდი MIT-ის დიზაინერული აზროვნების კურსს. საინტერესოა Harward-ის ,,დიზაინ ფიქრის გამოყენება ადამიანზე მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად.”
ვფიქრობ, დიზაინის ინსტიტუტის გახსნა გამარღვეველი, დროული და გაბედული ნაბიჯია ქართულ რეალობაში. ჩემი გადმოსახედიდან, დიზაინერული ფიქრი და მიდგომა, უნარების ერთობლიობაა, რომელიც ბევრი სწავლითა და მუშაობით უნდა გამოიმუშაო.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რომელი იქნება ის პროფესიები, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და რომელი ადამიანური უნარ-ჩვევები იქნება განსაკუთრებით ღირებული ამ პროცესების კვალდაკვალ?
პროფესიების პროგნოზირება რთულია. თუმცა, ნამდვილად ვიცით, რომ ადამიანის უნარებს, როგორებიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება და დიზაინერული ფიქრი, ხელოვნური ინტელექტით, განვითარებისა და დახვეწის მიუხედავად, ვერ ჩანაცვლდება. პრობლემების სწორი იდენტიფიცირებისა და გადაჭრისთვის, დიზაინერულ აზროვნებას, რომელიც ტექნიკებისა და უნარების ერთობლიობაა, კრიტიკული მნიშვნელობა მიენიჭება.
ნინი პაპაშვილის ინტერვიუ
სხვა ბლოგები








