ხშირად, ყველაფერი ძალიან მარტივად იწყება - იდეით.
ბევრს ფიქრობ... ენთუზიაზმით ავითარებ შენი შემოქმედებითი იდეის პირველ მონახაზს... მუშაობ, რომ რაღაც ახალი შექმნა და შესთავაზო შენს ქალაქს, სოფელს... იქნებ, საერთოდაც ფიქრობ რაღაც ისეთზე, რაც შენი ქვეყნის საზღვრებს სცდება...
ან უკვე საქმიანობ კიდეც - წერ, ხატავ, იღებ ფოტოებს, ქმნი დიზაინს, აორგანიზებ ფესტივალებს, მართავ კულტურულ პროექტებს, მუშაობ შემოქმედებით საწარმოში ან სივრცეს უთმობ შემოქმედებით საქმიანობას, პატარა გუნდიც გყავს… შესაძლოა, პირველი პროდუქტიც შექმენი, რამდენიმე ღონისძიებასაც უხელმძღვანელე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
! თუმცა, ამ გზაზე აუცილებლად ჩნდება კითხვები: როგორ გადავაქციო ეს ყველაფერი მდგრად ბიზნესად? როგორ დავგეგმო ფინანსები? როგორ განვსაზღვრო ფასი? როგორ დავიცვა ჩემი ინტელექტუალური საკუთრება? როგორ მოვიპოვო დაფინანსება?
იაზრებ, რომ საჭიროა არა მხოლოდ შთაგონება, არამედ სისტემურობა.
არა მხოლოდ ნიჭი, არამედ პროცესის მართვაც.
არა მხოლოდ იდეა, არამედ ბიზნეს-მოდელი.
ზუსტად ამ ეტაპზე სწორი მიმართულების განსაზღვრისთვის შეიქმნა შემოქმედებითი უნარების აკადემია - უნარ-ჩვევების განვითარების პლატფორმა, რომელიც შემოქმედებასა და ბიზნესს აკავშირებს და რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ეხმარება, საკუთარი იდეები პროფესიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციონ.
შემოქმედებითი უნარების აკადემია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და დიზაინის ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება. ბევრი წელია, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივის ავტორია. დიზაინის ინსტიტუტი კი არის ქართული საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზებული დიზაინზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შემოქმედებით მართვასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე. აკადემიის სასწავლო, მენტორობისა და თანამშრომლობითი კავშირების გაძლიერების კომპონენტების შესრულებასაც უზრუნველყოფს დიზაინის ინსტიტუტი, რომელიც დიდ გამოცდილებას ფლობს ჰიბრიდული განათლების, გრძელვადიანი სასწავლო პროგრამებისა და სექტორული მენტორობის მიმართულებით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია - რატომ და ვისთვის არის მნიშვნელოვანი
მართლაც, საქართველოს რეგიონებში ბევრი აქტიური შემოქმედებითი ადამიანი ცხოვრობს. ისინი მუშაობენ სხვადასხვა შემოქმედებით ინიციატივაზე ან იდეაზე, თუმცა, ხშირად, მათ წინსვლას ზღუდავს არა ნიჭის ნაკლებობა, არამედ შეზღუდული ხელმისაწვდომობა პროფესიულ გადამზადებაზე, ბიზნესისა თუ ფინანსურ ცოდნაზე.
შემოქმედებითი უნარების აკადემიის მიზანია, სწორედ ეს სიცარიელე ამოავსოს და რეგიონებში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს შესძინოს ის უნარები და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ბაზარზე კონკურენტული და მდგრადი საქმიანობისთვის. შედეგად, ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თავიანთი რეგიონისა და საქართველოს შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებაში.
იდეა საკმარისი არ არის, თუმცა, სწორი მხარდაჭერით, ის შეიძლება გახდეს წარმატებული ბიზნესის ძლიერი საფუძველი!
ექვსი თვე, რომელიც ცვლის ხედვას
შემოქმედებითი უნარების აკადემიის მთავარი კომპონენტია შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების ექვსთვიანი პროგრამა.
წარმოიდგინე, ექვსი თვის განმავლობაში საკუთარ იდეაზე მუშაობ არა როგორც მხოლოდ შემოქმედი, არამედ როგორც მეწარმე. სფეროს საუკეთესო ექსპერტებისგან სწავლობ, როგორ ააწყო ბიზნეს-მოდელი, როგორ დახვეწო ბრენდინგი, კომუნიკაცია თუ სტრატეგია, როგორ მართო წარმოება და გუნდი, როგორ დაგეგმო ფინანსები ისე, რომ ციფრები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებ ინსტრუმენტად იქცეს.
შემოქმედებითი უნარების აკადემიაში ჩართულ თითოეულ ლექტორსა თუ ექსპერტს აქვს ბიზნესში, ფინანსებში, სამართალში, მარკეტინგსა თუ შემოქმედებით წარმოებაში საქმიანობის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება.
სწავლება მხოლოდ ლექციებითა და სამუშაო შეხვედრებით არ შემოიფარგლება. პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალურ მენტორობას, ექსპერტებთან კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეები საკუთარ პროექტებზე იმუშავებენ მუდმივი უკუკავშირის ფონზე, სფეროს ექსპერტების რეკომენდაციებისა და რჩევების მხარდაჭერით, რაც სასწავლო შედეგების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
რომ შევაჯამოთ, შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამა მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე შემოქმედებით ბიზნესს სჭირდება. თანაც, სწავლება ჰიბრიდულია - ონლაინ და პირისპირ შეხვედრების კომბინაციით - რაც ქმნის მოქნილ გარემოს და აძლიერებს პროფესიულ კავშირებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს შორის.
პროგრამის ბოლოს, მონაწილეები საკუთარ პროექტებს პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს წარუდგენენ. ამ ეტაპზე, იდეას უკვე ექნება ჩამოყალიბებული და გააზრებული კონცეფციის ფორმა, რომელსაც რეალურ ბიზნესად გადაქცევის პოტენციალი აქვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბიზნესის საფუძვლების ექვსთვიან პროგრამაში ვერ ჩაერთვება: შემოქმედებითი უნარების აკადემია მოკლევადიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც მოიცავს. მოგვიანებით დაიგეგმება სესიები და მასტერკლასები შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლების უფრო ფართო ჯგუფისთვის და მოიცავს ისეთ შემოქმედებით თემებს, როგორიცაა, მაგალითად, ამბის თხრობა, ფოტოგრაფია და შემოქმედებითი სივრცეების განვითარება; ასევე, ბიზნესის მიმართულებას, მათ შორის, ფინანსებს, სამართლებრივ საფუძვლებსა და ბრენდინგს. აქცენტი გაკეთდება თანამედროვე ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რათა მონაწილეებმა არა მხოლოდ ცოდნა გაიღრმავონ, არამედ მზად შეხვდნენ მომავალ გამოწვევებსაც.
და ბოლოს?
შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შექმნიან ბიზნეს გეგმებს და შეძლებენ, უკეთ მართონ წარმოება და ფინანსები, დაიცვან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება და განსაზღვრონ ციფრული თუ საკომუნიკაციო სტრატეგიები.
მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება მათი პროფესიული ქსელი, გაიზრდება მათი ცნობადობა და ჩამოყალიბდება ახალი თანამშრომლობები ქვეყნის მასშტაბით.
ამ პროცესში გაძლიერდება არა მხოლოდ კონკრეტული პროექტები, არამედ რეგიონული შემოქმედებითი ეკოსისტემაც. შეიქმნება ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციის სივრცეები, რაც წვლილს შეიტანს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებაში.
ასე რომ, თუ გინდა, შენი შემოქმედებითი იდეა რეალურ ბიზნესად იქცეს, დარეგისტრირდი შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამაზე 9 მარტის ჩათვლით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს" ახალი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. „შემოქმედებითი კომპასი საქართველო” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023-2027) პროექტია, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გაიგეთ მეტი შემოქმედებითი უნარების აკადემიის შესახებ ამ ბმულზე.
სხვა ბლოგები



















