რა აერთიანებს ვებგვერდზე სხვადასხვა ენის არჩევის შესაძლებლობას, აპლიკაციაში ტექსტის ზომის გაზრდის ფუნქციას, სუბტიტრებს, პანდუსს, ავტობუსში გამოცხადებულ გაჩერების დასახელებას ან მიახლოებისას ავტომატურად ანთებულ ნათურას? თითოეული მათგანი ინკლუზიური დიზაინით შექმნილი გამოცდილებაა.
ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინი გულისხმობს ადამიანური გამოცდილების მრავალფეროვნების დანახვას, მათი განსხვავებული სხეულების, სხვადასხვა გრძნობების, ენების, ისტორიების გათვალისწინებას და ისეთი პროდუქტის, სივრცისა თუ ციფრული გამოცდილების შექმნას, რომელიც უმრავლესობისთვის ეფექტური და სასარგებლოა. ეს მიდგომა მოიაზრებს დიზაინის შექმნას თავიდანვე ყველას გათვალისწინებით, და არა სპეციალური გადაწყვეტის მოფიქრებას მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის.
ადამიანზე ორიენტირებული აზროვნება
ინკლუზიური დიზაინი არის აზროვნების სტილი და არა ტექნიკური დეტალი, რომელიც პროექტის ბოლოს შესრულებულად უნდა მოვნიშნოთ. Აზროვნების ეს სტილი გამოკვეთილია როგორც დიზაინის პირველივე ეტაპზე, ისე სრული შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში. ერთი “საშუალოსტატისტიკური მომხმარებლის” ნაცვლად, დიზაინის ფოკუსშია ბევრი მომხმარებელი. რეალური გამოწვევების გააზრების მიზნით, ტესტირების ეტაპები ადამიანების ჩართულობით იგეგმება. ერთი უნივერსალური გადაწყვეტის ჩაშენების ნაცვლად, დიზაინერები მოქნილ შესაძლებლობებს ქმნიან - იქნება ეს ტექსტის ზომა, ალტერნატიული ნავიგაცია, ინტერაქციის სხვადასხვა ფუნქცია თუ სხვა. რაც მთავარია, ინკლუზიური დიზაინი ერთი ჯგუფის გამოცდილებას არ აზოგადებს და ყოველთვის აკვირდება, ვინ რჩება ფოკუსს მიღმა.
ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინი თავის თავში გულისხმობს ემპათიასაც - უნარს, რომელიც სხვების რეალური გამოცდილების გაგებისა და გათვალისწინებისკენ ისწრაფვის. შემოქმედების პროცესში მნიშვნელოვანია კითხვის დასმა, ადამიანების მოსმენა და მათგან მიღებული პასუხების მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტებად გარდაქმნა. მაგალითად, თავდაპირველად, პანდუსი ეტლით მოსარგებლეთა მარტივად გადაადგილებისთვის შეიქმნა, თუმცა დღეს ეს დიზაინი სასარგებლოა როგორც ბავშვის ეტლით მოსიარულე მშობლებისთვის, ისე ჩემოდნებით მოსეირნე მოგზაურებისთვისა თუ ველოსიპედის მოყვარულთათვის; ასევე, ვიდეოს სუბტიტრები სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა დღეს ეს ფუნქცია მოსწავლეებს ეხმარება ახალი ენის შესწავლაშიც, ხმაურიან ან ხალხმრავალ გარემოში მყოფებს კი - ვიდეოს შინაარსის გაგებაშიც; დღეს ბევრი ვებგვერდი თუ ფიზიკური თავშეყრის ადგილი უკვე თითქმის ყველა საჭიროების მქონე მომხმარებელზეა გათვლილი; საგანმანათლებლო პროგრამებიც სხვადასხვა უნარების მქონე მოსწავლეებისთვის იგეგმება, და ა.შ...
როცა დიზაინი თავიდანვე ითვალისწინებს მრავალფეროვნებას, მეტი ადამიანი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეტი შემოქმედება და ინოვაცია იბადება, ყოფითი გამოცდილებებიც კი უფრო ღირებული და ადამიანური ხდება.
ყველასთვის ხელმისაწვდომი დიზაინის შექმნა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ პასუხისმგებლიანი პროცესიცაა. ეს მიდგომა აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია არა როგორც “აბსტრაქტული მომხმარებელი”, არამედ როგორც რეალური პიროვნება უნიკალური საჭიროებებითა და გამოცდილებით. ინკლუზიური დიზაინი აღიქვამს მრავალფეროვნებას, ამცირებს ბარიერებს და სამყაროს უკეთესად აქცევს - თუნდაც ერთით მეტი ინკლუზიური ინტერფეისით.
ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინის გაცნობასა და განხილვას დაეთმობა 2026 წლის თებერვლის სოციალური დიზაინის დღეები. დიზაინის ინსტიტუტში ბევრს ვისაუბრებთ ისეთ გარემოზე, ტექნოლოგიებსა თუ ციფრულ გამოცდილებებზე, რომელთა პირობებშიც საზოგადოებისა თუ სერვისების მოწყობა მეტად მორგებულია განსხვავებული ადამიანების მრავალფეროვან სურვილებსა და საჭიროებებს; სოციალურ სივრცეზე, რომელიც ხელმისაწვდომობას არა შეზღუდვად, არამედ უკეთესი, უფრო ადამიანური დიზაინის საფუძვლად აღიქვამს; ისეთ სერვისებზე, რომლებიც მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი - ასაკის, შესაძლებლობების, ენის, კულტურის ან წარმოშობის მიუხედავად.
სხვა ბლოგები











