გაზაფხულზე თბილისმა „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ ფესტივალის ფარგლებში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ ჩარლზ ფორდს უმასპინძლა. ფორდი უკვე ათწლეულებია ანალოგური ფოტოგრაფიით ქუჩის სცენებს ასახავს. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, GQ, Rolling Stone და Newsweek. მან კარიერის განმავლობაში თავისი „ლეიკა“ კამერით მრავალჯერ გააცოცხლა ნამდვილი, დაუმუშავებელი მომენტები ნიუ-იორკში, დალასსა და მის ფარგლებს გარეთ.
თბილისში ყოფნისას ფორდმა დიზაინის ინსტიტუტში ვორქშოპი ჩაატარა და წარადგინა სერია სახელწოდებით „წარმავალი ნარატივები: 80–90-იანი წლების ქუჩის ფოტოგრაფია“. ფორდი გვესაურა ფოტოგრაფიაზე, თბილისში გატარებულ დროსა და იმაზე, თუ რატომ რჩება ფოტოგრაფია აქტუალური დღევანდელ ციფრულ ეპოქაში.
1. რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა და „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალში მონაწილეობა? რამ იქონია თქვენზე, როგორც ფოტოგრაფზე გავლენა?
2024 წელს ჰიუსტონის FotoFest-ზე თეონა გოგიჩაიშვილი და ბესო ხაინდრავა გავიცანი. პირველი შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით და რამდენიმე თვეში „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალზე ჩემი ნამუშევრების გამოსაფენად მომიწვიეს. შემოთავაზებას დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, ეს გადასარევი შანსი იყო, რომ პრესტიჟულ ფესტივალში მიმეღო მონაწილეობა და თან თბილისიც მომენახულებინა.
2. თქვენმა გამოფენამ და ვორქშოპმა ადგილობრივ აუდიტორიას 80-90-იანი წლების ანალოგური ფოტოგრაფიის უნიკალური ხედვა გააცნო. როგორი გამოცდილება იყო ამ მასალის სრულიად სხვა კულტურულ კონტექსტში წარდგენა და რა შთაბეჭდილებები დარჩა ქართულ აუდიტორიას?
ვორქშოპის დროს ჩემი ნამუშევრების გაზიარება ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. მონაწილეები აქტიურად, დიდი ინტერესით ეცნობოდნენ ფოტოებს, რამაც მთელი ეს პროცესი უფრო განსაკუთრებული გახადა. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ქუჩის ფოტოგრაფიის სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებზე. გამოიკვეთა განსხვავებული, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი შეხედულებები საზოგადოებრივ სივრცეში უცნობი ადამიანების გადაღებასთან დაკავშირებით. ძალიან მრავლისმეტყველი დისკუსია იყო, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თემის კომპლექსურობას.
3. თბილისში ყოფნისას კამერა თან გქონდათ და ქალაქის ქუჩების მრავალი სცენა ასახეთ ფირზე. თბილისმა წარსული, ნიუ-იორკის ან სხვა ქალაქების, გამოცდილებიდან რამე ხომ არ გაგახსენათ? რამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
თბილისის ქუჩებში ხეტიალმა ნიუ-იორკი გამახსენა. გამვლელებს კამერაზე თითქმის არ ჰქონდათ რეაქცია, ზოგიერთი იღიმოდა კიდეც. ამ გულწრფელმა დამოკიდებულებამ გადაღების პროცესი ბუნებრივი გახადა, თითქოს უკვე ნაცნობ ქალაქში ვიმყოფებოდი.
4. კარიერის განმავლობაში ყოველთვის ფირის ერთგული იყავით. მომენტალური ციფრული ფოტოგრაფიის ეპოქაში, რა შეიძლება გვასწავლოს ფირთან მუშაობამ დროსა და მოთმინებაზე?
ფირზე მუშაობა მაიძულებს სრულად ვიმყოფებოდე იმ მომენტში, რომელსაც ვიღებ. ციფრული ეკრანის გარეშე ვერ ამოწმებ გადაღებულ კადრს და იძულებული ხარ წინ იმოძრავო და უკან არ იხედო. ამ მიდგომით აწმყოზე ხარ კონცენტრირებული და გარემოსთან, ხალხთან ცოცხალ კავშირს ამყარებ.
5. დიზაინის ინსტიტუტის ვორქშოპის ფარგლებში ახალგაზრდა, დამწყებ ფოტოგრაფებთან იმუშავეთ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? რამ გაგაკვირვათ ან შთაგაგონათ მათთან თანამშრომლობისას?
არასდროს ვტოვებ სახლს კამერის გარეშე. ყოველთის ვიზუალურ ისტორიებს ვეძებ - ქუჩაში, ყოველდღიურ სიტუაციებში, არაფრით გამორჩეულ მოძრაობებსა და ჟესტებში. თბილისი ასეთი ისტორიებითაა სავსე და მათი დაჭერა ყველგან შეგიძლია - მთავარია მზად იყო დაინახო და დაიჭირო მომენტი.
6. არა ერთხელ აღნიშნეთ, რომ ლამაზი, გამორჩეული კადრების დაჭერა ისეთ ჩვეულებრივ სიტუაციებშიც შეიძლება, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არც კი ვაქცევთ. როგორ გაგიჩნდათ ეს ხედვა და რის გაკეთებას ურჩევდით ახალგაზრდა ფოტოგრაფებს მსგავსი მგრძნობელობის ჩამოსაყალიბებლად?
აუცილებელია, რომ ახალბედა ფოტოგრაფებმა ყურადღება არ მიაქციონ იმას თუ რა მოეწონება „ინსტაგრამს“. ეს მიდგომა მხოლოდ უმნიშვნელო, სოციალური ქსელის აღიარებაზეა ორიენტირებული და არა შემოქმედებით თვითგამოხატვაზე. კრეატიული ხმისა და იდენტობის პოვნა დროის, შრომისა და უამრავი წარუმატებელი მცდელობის შედეგია. სწორედ ამ წარუმატებლობებში იბადება ნამდვილი ხელოვანი.
7. ბევრ დამწყებ ფოტოგრაფს უჭირს არჩევნის გაკეთება ფოტოგრაფიულ დოკუმენტირებასა და ონლაინ პლატფორმებზე ეფექტურად მორგებას შორის. რას ურჩევდით მათ, ვინც ფოტოგრაფიას მიყვება, რომ ტენდენციებში არ ჩაიძიროს და საკუთარი ხედვა შეინარჩუნოს?
80–90-იანი წლების კონტაქტურ ფირს რომ ვუყურებ, სხვანაირად ვაფასებ იმ დროს. ძველ ფოტოებში ისეთი სტილი, ცხოვრების წესი და განწყობაა ასახული, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაოცებს ისაა, რომ ადამიანური ემოციები დიდად არ შეცვლილა. სინაზე, დაძაბულობა, ცნობისმოყვარეობა და სიხარული, რასაც მაშინ ვხედავდი დღესაც ხშირად მხვდება თვალში.
8. ახლა, როცა შემოქმედებით არქივს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უზიარებთ ხალხს, ისევ ისეთი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი ფოტოების მიმართ? თბილისმა რაიმე ახალი ემოცია ხომ არ გაგიჩინათ?
თბილისში ყოფნისას რამდენიმე ფირი გადავიღე. ქალაქი სიცოცხლით, სითბოთი და საუცხოო პულსით გამოირჩევა. მართლაც შესანიშნავი ადგილია ქუჩის ფოტოგრაფიისთვის. აუცილებლად დავბრუნდები ძველი მეგობრების მოსანახულებლად და ამ განსაკუთრებული ქალაქის კვლავ დასაფიქსირებლად.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ფოტოგრაფია ხშირად მისდევს ტენდენციებს და მყისიერი უკუკავშირის მიღებაზეა ორიენტირებული. ჩარლზ ფორდი კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი დაკვირვება, მოთმინება და საკუთარი ხედვის ერთგულება. მისი მონაწილეობა „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ ფესტივალში არა მხოლოდ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამედ მკაფიო შეხსენება იყო, რომ ზოგიერთ ამბავს ფირზე მოთმინებით მოყოლა სჭირდება.
ნინი პაპაშვილის ბლოგი
სხვა ბლოგები








