program_image

4 February, 2026

ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინი ყველასთვის

სოციალური დიზაინის დღეების მანძილზე, დიზაინის ინსტიტუტი იქნება ის სივრცე, სადაც ხელმისაწვდომობას ყოველდღიური დიზაინპრაქტიკის განუყოფელ ნაწილად დავინახავთ - როგორც არა მხოლოდ გარკვეული სტანდარტების დასაკმაყოფილებელ, არამედ მნიშვნელოვან ეთიკურ და სოციალურად მგრძნობიარე გადაწყვეტას. რეგიონში არსებული ხისტი სისტემების პირობებში, ამ გამოცდილების გაზიარება დროული და აუცილებელიცაა.

* * *

დიზაინი ყოველთვის ურთიერთკავშირშია გარემოსთან. სწორედ დიზაინი განსაზღვრავს, როგორ ვმოძრაობთ ქალაქებში, როგორ ვიღებთ ინფორმაციას, ვსწავლობთ, ვურთიერთობთ და ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გარკვეული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, დიზაინი გვეხმარება, უფრო მორგებულ და სამართლიან სისტემებშიც ვიარსებოთ. საქართველოში უთანასწორობასთან თუ განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევების პირობებში, დიზაინს კომპლექსური ცვლილებების მოხდენის დიდი პოტენციალიც აქვს. სწორედ ეს რწმენა უდევს საფუძვლად სოციალური დიზაინის დღეებს, რომელიც წელს ადამიანებზე ორიენტირებული, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინის გაცნობასა და განხილვას დაეთმობა. 2026 წლის 27-28 თებერვალს, ორდღიანი კონფერენციების სერიის ფარგლებში, დიზაინის ინსტიტუტში ბევრს ვისაუბრებთ ისეთ გარემოზე, ტექნოლოგიებსა თუ ციფრულ გამოცდილებებზე, რომელთა პირობებშიც საზოგადოებისა თუ სერვისების მოწყობა მეტად მორგებულია განსხვავებული ადამიანების მრავალფეროვან სურვილებსა და საჭიროებებს; სოციალურ სივრცეზე, რომელიც ხელმისაწვდომობას არა შეზღუდვად, არამედ უკეთესი, უფრო ადამიანური დიზაინის საფუძვლად აღიქვამს; ისეთ სერვისებზე, რომლებიც მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი — ასაკის, შესაძლებლობების, ენის, კულტურის ან წარმოშობის მიუხედავად. ინკლუზიური დიზაინი მოიცავს არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის სტანდარტების დაკმაყოფილებას, არამედ შემოქმედებით და ემპათიურ აზროვნებასაც, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საზოგადოებრივი კეთილდღეობით.

რატომ ხელმისაწვდომობა - რატომ ახლა?

დღეს ინკლუზიურობა აღარ არის ვიწრო სპეციალიზირებული სფერო ან ტექნიკური დეტალი, რომელიც პროექტზე მუშაობის ბოლო ეტაპზე, სიმბოლურად უნდა გავითვალისწინოთ. რეალურად, ხელმისაწვდომობა დიზაინის ერთ-ერთი ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა. UX/UI-სა თუ მობილურ ტექნოლოგიებში, განათლების სისტემებსა თუ ურბანულ გარემოში ინკლუზიური დიზაინი განსაზღვრავს, ვისთვის ვქმნით, ვის ვხედავთ, ვის ვუსმენთ ან, თუნდაც, ვის ვუჭერთ მხარს ამ შემოქმედებით პროცესში.

როგორია ინკლუზიური დიზაინის კონცეფცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი - ვრცლად გაეცნობით ბლოგში.

სოციალური დიზაინის დღეების Მთავარი თემები

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ლექციები, ვორკშოპები, პანელური დისკუსიები, კვლევითი პრეზენტაციები თუ თანამშრომლობითი სესიები გააერთიანებს 20-მდე სფეროს პროფესიონალს საქართველოდან და მსოფლიოდან. მონაწილეები გაეცნობიან რეალურ გამოცდილებებს ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ინკლუზიური აპლიკაციების დიზაინი და ადამიანური ფაქტორების ინჟინერია, ურბანული ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის პრაქტიკები თუ ეთიკური ტექნოლოგიური განვითარება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე დიზაინერები, მკვლევრები, პედაგოგები თუ ინსტიტუციები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ინკლუზიური UX/UI და ხელმისაწვდომი ციფრული პროდუქტები
  • ციფრული ხელმისაწვდომობა და მობილური ინოვაციები
  • სოციალური გავლენა დიზაინისა და ტექნოლოგიების მეშვეობით
  • სასწავლო გარემოს დიზაინი
  • ტექნოლოგია, ეთიკა და ციფრული კეთილდღეობა

სოციალური დიზაინის დღეები როგორც პლატფორმა

სოციალური დიზაინის დღეები შეიქმნა როგორც პლატფორმა, რომელიც დიზაინს განიხილავს როგორც ხელსაწყოს სოციალური გავლენის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობისთვის. ყოველი მომდევნო სერია ამ ხედვას ახალი პერსპექტივით აკვირდება. პირველ კონფერენციაზე განვიხილეთ სოციალური დიზაინი როგორც თანამშრომლობითი პრაქტიკა, როგორც განათლების, მდგრადობის, ჯანდაცვის სფეროებისთვისა და სოციალური ინიციატივებისთვის სასარგებლო გადაწყვეტა. მეორე კონფერენცია ურბანულ სივრცეებსა და მემკვიდრეობას დაეთმო - დავინახეთ, როგორ აკავშირებს დიზაინი ადამიანებს, ადგილსა და კოლექტიურ მეხსიერებას. მსუყე გამოცდილების კვალდაკვალ, მესამე კონფერენცია გაგაცნობთ ინკლუზიურ დიზაინს როგორც ინოვაციის მამოძრავებელ ძალას სხვადასხვა დისციპლინაში და მიდგომას, რომელიც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ქსოვილში იკვეთება.

როგორც ყოველთვის, სოციალური დიზაინის დღეები ღიაა ყველასთვის, ვისაც დიზაინის სოციალური გავლენა აინტერესებს - დიზაინერებისა და კრეატიული პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები პრაქტიკოსებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციებისთვის... ეს არის სწავლის, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირის სივრცე, სადაც თეორია, პრაქტიკა, და მრავალფეროვანი პერსპექტივები საერთო სამომავლო ხედვას აყალიბებს.

* * *

კონფერენციის დეტალური განრიგი და რეგისტრაცია

სამუშაო ენა: ინგლისური

გაზიარება