ინტერვიუ ამერიკული გრაფიკული დიზაინის ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული წიგნის ავტორთან, ლოგო დიზაინერ - გიორგი ბოხუასთან.
ყველა აღფრთოვანებულია შედეგით, თუმცა როგორია პროცესი, რომელსაც ლოგოს შექმნისას გადიხართ?
გამოცდილებასთან ერთად, ეს პროცესი სისტემაში ექცევა. ბრიფის მოსვლის შემდეგ, კლიენტს ბევრ კითხვას ვუსვამ ბრენდის ხასიათის გასაგებად. ხშირად, ამ კითხვების მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ პროექტზე ვიმუშაო. პროცესი პროდუქტის კვლევით გრძელდება და ჩანახატებამდე რამდენიმე ეტაპს გადის. საუკეთესო ვერსიებს უკვე კომპიუტერში ვამუშავებ და დამკვეთისთვის პრეზენტაციას ვამზადებ, რომლის საშუალებითაც კლიენტი ნახულობს მოქაფებს და გარკვეულ შემთხვევებში ლოგოს ანიმირებულ ვერსიებსაც. პროცესი დაახლოებით 2-3 კვირა გრძელდება. უკუკავშირის შემდეგ, კონცეფცია ორ რაუნდს გადის და საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს, სანამ ლოგო რეალურ სამყაროში ჩაეშვება.
დიზაინერებისგან ხშირია კომენტარები, რომ დამკვეთთან ლოგოზე მუშაობა ადვილი არაა, თქვენ როგორ ახერხებთ საუკეთესო შედეგის მიღებას?
თუ ინოვაციურ პროექტზე მუშაობ, კლიენტს სჭირდება დიზაინერისგან თავდაჯერებულობა და დარწმუნება, რომ ეს მიდგომა გაამართლებს. თუ მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული კონცეფციაში, კლიენტი აუცილებლად გრძნობს ამას. როდესაც ლოგო დიზაინში ორიგინალურ ფორმას ან გამოხატულებას ქმნი, ან გარკვეულ ინოვაციურ სვლას აკეთებ, კლიენტს ხშირად უჭირს რისკზე წასვლა და სრულიად განსხვავებული ვიზუალირი იდენტიკით ბაზარზე შესვლა. ურჩევნიათ ბაზარზე არსებული ვიზუალური ენით ესაუბრონ საზოგადოებას. ლოგო რედიზაინის დროს, ვინაიდან ფორმები გარკვეულ კავშირში უნდა იყოს საწყის ვერსიასთან, დიზაინერი შეზღუდულია ფორმათა თავისუფლებაში, რაც პროცესს ხშირად უფრო ართულებს. ამ კუთხით, სტარტაპები უფრო გაბედულები და თამამები აირიან.
დღეს თქვენი ექსპერტიზა ცალსახაა. როგორი იყო ეს ეტაპი კარიერის დასაწყისში. როგორ ახერხებდით დამკვეთისთვის თქვენი პოზიციის გაზიარებას და მის დარწმუნებას?
მე გამიმართლა, რადგან სწორ დროს დავიწყე ლოგოების კეთება. 2000-იანების დასაწყისში, ხელით მუშაობიდან კომპიუტერიზაციის ეტაპი იდგა, მაშინ ძალიან დიდი თავისუფლება იყო ლოგო დიზაინში. ყველას, ვისაც კომპიუტერი ჰქონდა, შეეძლო ლოგოები ეკეთებინა, რამაც დიდი სიჭრელე გამოიწვია ბაზარზე. იმ სიმარტივესა და სტანდარტებს, რაც მოდერნისტებმა ათწლეულების მანძილზე დახვეწეს, გამოუცდელი დიზაინერები, არ მიყვებოდნენ, რამაც ლოგო დიზაინს ნიადაგი გამოაცალა. მე მუშაობა გარკვეული განათლებით დავიწყე და ბაზარზე შემოსვლისას უკვე ვიცნობდი ნამუშევრებს. ვიცოდი, რა და რატომ მუშაობდა. სამუშაო პროცესში ფურცელი და ფანქარი დავაბრუნე, რასაც მაშინ ბევრი არ აკეთებდა. ამან გარკვეული წინსვლა მომცა, საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში, რომელიც გაგრძელებაა მოდერნისტული მიდგომის.
თქვენი გამოცდილება წიგნში გადაიტანეთ. წიგნი აღიარებას, მოწონებას იმსახურებს მთელს მსოფლიოში. რა არის ის რამდენიმე პირადი ინსაითი, რომელიც წიგნშიც გადმოცემულია და სხვა დიზაინერებს დაეხმარება?
ლოგო დიზაინში სულ რამდენიმე წიგნია, საიდანაც საბაზისო ცოდნას მიიღებ. რთულია, წიგნით ასწავლო ყველა დეტალი. ამიტომ გადავწყვიტე, ამ წიგნით დიზაინერისთვის თვით-შეგნება (self -awareness) გამეზარდა და ზოგადი იდეების ჩამოყალიბებაში დავხმარებოდი მუშაობის დროს. წიგნი, მათ აწვდის მთავარს, იდეას და ინსპირაციას, რომელიც თავად უნდა განავრცონ და გამოიყენონ სამუშაო პროცესში.
როგორია დიზაინერის სამუშაო სტილი? თქვენს გარემოში კარგად იკვეთება დისციპლინა და წესების დაცვა - სადაა ზღვარი, რომელიც შემოქმედებით და დისციპლინირებულ დიზაინერს შედეგის მიღწევა შეუძლია?
გრაფიკულ დიზაინს სჭირდება გარკვეული წყობა და დალაგება. ეს პროცესი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორისაა. ჩემს შემთხვევაში, თუ ეს ბალანსი დაცული არაა, ვერ ვმუშაობ. აქ გაქვს საშუალება, რომ ცხოვრებისგან განსხვავებით, სრულყოფასთან ახლოს მიხვიდე და ყველაფერი იდეალურად დალაგებული გქონდეს.
ცოტა მეტი ვისაუბროთ წიგნზე: რა იყო მთავარი აღმოჩენა წიგნზე მუშაობისას?
როცა მუშაობ, სახელს ვერ არქმევ ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს. წიგნზე მუშაობისას მომიწია რომ ამ ყველაფრისთვის შინაარსი მიმეცა და იდეებად გამომეყვანა. ბევრ მიმართულებაში სიღრმეებში ვერ ჩავედი, თუმცა მომავალი წიგნისთვის, მეტად დახვეწილი იქნება სამუშაო მიდგომების აღწერები.
სანამ ახალ წიგნზე გკითხავთ, რა ძირითად ასპექტებზე გაამახვილეთ ყურადღება თქვენს პირველ წიგნში?
წიგნის სტრუქტურა ლოგების ზოგადი მიმოხილვაა. ამ წიგნში სამუშაო ფორმულებს ვერ ნახავ. აქ დიზაინერებს დახვდებათ იდეები, რომელიც ფიქრში დაეხმარებათ და საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში, უფრო დახვეწილი, მიმზიდველი ლოგოების შექმნას შეძლებენ. წიგნი უფრო ინსპირაციის მიმცემია, ვიდრე მზა პასუხების.
თქვენ შემთხვევაში რა არის ინსპირაციის წყარო? გაქვთ წიგნები, რომელსაც სამუშაო პროცესში აკითხავთ ხოლმე?
წიგნები თავიდან ჩემი ინსპირაციის მთავარი წყარო იყო. ახლა, სამუშაო პროცესის წინ, შეგნებულად არ ვნახულობ არაფერს, რომ სხვისმა ნამუშევარმა გავლენა არ იქონიოს ბრიფის ამოხსნაზე. ზოგადად, მიყვარს წიგნები, ჩემთვის სუფთა ჰაერივითაა და მამშვიდებს. თუმცა, ამას შეიძლება ნეგატიური გავლენაც ჰქონდეს. ლოგოს მთავარი დანიშნულებაა იყოს მარტივი და ეფექტური გავლენა მოახდინოს ტვინზე. ამ შედეგზე ორიენტირებული ინფორმაცია, შეიძლება დიზაინერის გონებაში სხვადასხვა გზით მოხვდეს, თუმცა დაავიწყდეს მიღების წყარო. სამუშაო პროცესში კი საკუთარ იდეად მოაზროს. ამიტომ, არ ვურჩევ არავის სამუშაოს დაწყების წინ, ინსპირაციის სხვა ნამუშევრებიდან მიღებას. ზოგადად, თუ ადამიანი ჯანმრთელი და ოპტიმიზმით სავსეა, ეს უკვე საკმარისი ინსპირაციაა საქმისთვის.
ათწლეულების გამოცდილება ლოგო დიზაინში. მუშაობა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Disney, New Balance, Weird Magazine.. ახლა უკვე ავტორი Winner of the 2022 American Graphic Design Award for Book Design from Graphic Design USA და Red Dot Award. რაზე მუშაობთ ახლა?
პირველ წიგნზე მუშაობიდან მიღებული გამოცდილებით, ახლა მეტად ვუკვირდები სამუშაო პროცესში რას, როგორ და რატომ ვაკეთებ. ახლა უფრო დახვეწილი იდეების ჩამოყალიბებას ვცდილობ. თუკი, პირველი წიგნი დამწყები დიზაინერებისთვისაა, ახლა უფრო სიღრმისეულად შევეცდები ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
რას ფიქრობთ დიზაინის ინსტიტუტის მიზანზე/როლზე და რატომ გვჭირდება ეს მიმართულება საქართველოში? (როგორც ვიცით მრჩეველთა საბჭოს წევრი იქნებით...)
შემოქმედებით სფეროში ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ. ვენდობი ინსტიტუტის გუნდს, რომ ამ საქმეს კარგად გააკეთებენ. თუმცა, ქართველ სტუდენტებში ვერ ვხედავ იმ მიდგომას, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ დიზაინის მიმართ, რომ მზად იყვნენ უარი თქვან ბავშვურ გატაცებებსა და გართობებზე და შეხედონ დიზაინს, როგორც მათ მთავარ ვნებას, რომლის კრაფტში დაოსტატება მოითხოვს ათწლეულების მანძილზე ყოველდღიურ პრაქტიკას. ნახევრად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სკეპტიკურობასთან ერთად. გვჭირდება სწორი დინამიკა ლექტორსა და სტუდენტს შორის, იმისთვის, რომ ჩირაღდნის გადაცემისას, სტუდენტმა ხელი არ დაიწვას.
ბოლოს: თქვენ გამოცდილება გაქვთ გაზიარების და სწავლების ონლაინ ხელსაწყოებში, ათასობით დიზაინერი მთელ მსოფლიოში იზიარებს თქვენს გამოცდილებას და იწყებს დიზაინის სწავლას თქვენთან ერთად, სად უნდა დაიწყოს შემოქმედმა ადამიანმა დიზაინის სწავლა?
კარგი კითხვაა. ჩემს შემთხვევაში, გამიმართლა, რომ ადრეულ ასაკში ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა. სტუდენტები, პირველ რიგში, წარსულის ოსტატების ვიზუალურ ენებს უნდა გაეცნონ. მარტო დიზაინერებისგან მიღებული ცოდნა საკმარისი არაა, უნდა გესმოდეს არქიტექტურაც, მხატვრობაც. უნდა იცნობდე მათ მიდგომებსა და სტილს. თუმცა, ეს ცოდნა, უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ თავად იფიქრო და არ შექმნა ისეთი, როგორიც უკვე არსებობს.
ნინი პაპაშვილის ინტერვიუ
სხვა ბლოგები








