სოციალური დიზანის დღეების ფარგლებში, დიზაინის ინსტიტუტი უმასპინძლებს სამუშაო სესიების სერიას, რომელთა მიზანია დიზაინის გააზრება სოციალური ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად.
პირველად საქართველოში, დიზაინის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან, იმისთვის, რომ კრიტიკულად განიხილონ და წინ წამოწიონ დიზაინის როლი საზოგადოებრივი გამოწვევების დაძლევაში. ღონისძიება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სექტორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის დაწყებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა თანადიზაინი, ხელმისაწვდომობა, მდგრადობა, ჯანდაცვა და ურბანული ინოვაცია.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო სესიები სწორედ ამ ხედვას ეხმიანება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო სესიაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის იხილეთ დეტალური აღწერა და მიჰყევით შესაბამის ბმულს.
დიზაინის ინსტრუმენტების სამუშაო სესია სოციალური ინიციატივებისთვის, თამარ სულაქველიძე
16 ივნისი | 11:00 - 13:00
17 ივნისი | 10:00 - 12:00
პრაქტიკული სესია მონაწილეებს გააცნობს დიზაინის ძირითად ხელსაწყოებსა და მეთოდებს, რომლებიც სოციალური ზეგავლენის მქონე იდეების განვითარებასა და მათ პროტოტიპად ქცევაში გამოიყენება. რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული სავარჯიშოებით, სამუშაო სესია დაეხმარება მონაწილეებს საწყისი იდეების სტრუქტურირებასა და ქმედით ნაბიჯებად ქცევაში.
მონაწილეები გამოიკვლევენ, როგორ შეიძლება იდეების განვითარება ისეთი სოციალური საკითხების პასუხად, როგორიცაა უბნის იდენტობა, მემკვიდრეობა ან შემოქმედებითი საზოგადოებრივი ჩართულობა.
ციანოტიპიის სამუშაო სესია, მანანა მიქაშავიძე
16 ივნისი | 11:00 - 13:00
ციანოტიპია ფოტოგრაფიული ბეჭდვის ერთ-ერთი უძველესი ტექნიკაა, რომლის დროსაც რკინის მარილებით დამუშავებულ ქაღალდზე ობიექტების ანარეკლი მზის შუქით აისახება. მისი უნიკალური შედეგების გამო, ამ პროცესს ხშირად „მზეზე ბეჭდვასაც“ უწოდებენ.
თითოეული ანაბეჭდი უნიკალურია, მაშინაც კი, როცა იდენტური კომპოზიციებია გამოყენებული, რაც ციანოტიპიას მონოპრინტის გამორჩეულ ფორმად აქცევს. თავად პროცესი თითქმის ალქიმიურ შთაბეჭდილებას ტოვებს: ერთი შეხედვით მარტივი ობიექტებით და ბუნებრივი შუქით იქმნება ლურჯ და ნისლისფერ ტონებში დატანილი, ემოციური ანაბეჭდები.
სამუშაო სესია მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გამოსცადონ ეს ისტორიული მეთოდი და შეისწავლონ მისი გამომსახველობითი შესაძლებლობები.
წარსული წინ: იდენტობა ადგილიდან, სამუშაო სესია Otwarte Studio-სგან
16 ივნისი | 11:00–13:00
სამუშაო სესია იკვლევს, თუ როგორ შეიძლება ვიზუალური იდენტობის სისტემები, ადგილობრივი კულტურული, მატერიალური და ისტორიული კონტექსტიდან იღებდეს სათავეს. რეალური მაგალითების ანალიზითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით, მონაწილეები ისწავლიან, როგორ დააკვირდნენ და გამოყონ ადგილობრივი ნარატივები და როგორ გარდაქმნან ისინი კონცეპტუალურად გამართულ ვიზუალურ იდეებად.
ჯგუფური მუშაობის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ ადგილმდებარეობას (მაგალითად, თბილისური უბანი ან რეგიონის სოფელი) და ფუნქციას (მაგალითად, ფესტივალი, პური, ბარი, ან წიგნების მაღაზია). მათი ამოცანა იქნება აღმოაჩინონ ადგილობრივი ელემენტები (ფერი, მასალა, განწყობა, ისტორია) და მათზე დაფუძნებით შექმნან მუდბორდი და საწყისი მონახაზები, რომლებიც კონტექსტზე დამყარებული იდენტობის კონცეფციას გადმოსცემს.
სამუშაო სესია აქცენტს აკეთებს შემოქმედებით პროცესზე, რა დროსაც მონაწილეები უკეთ გააცნობიერებენ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კონტექსტუალურ დიზაინს შინაარსიანი ბრენდინგის შესაქმნელად.
Designing Shadows: სოციო-თერმული სტრატეგიები ურბანული საჯარო სივრცისთვის, სამუშაო სესია Centrala Studio-სგან
17 ივნისი | 10:00 - 14:00
18 ივნისი | 10:00 - 14:00
ეს ორსაფეხურიანი სამუშაო სესია იკვლევს ჩრდილს, როგორც სივრცით, ეკოლოგიურ და სოციალურ რესურსს ქალაქში. როცა ევროპული ქალაქები ესწრაფვიან ჩრდილოვანი საფარის (canopy coverage) 30%-იან ნიშნულს და ცდილობენ შეამცირონ ურბანული გადახურება, ჩრდილი გადაიქცა მნიშვნელოვან დიზაინ ელემენტად სამართლიანი საჯარო სივრცის შესაქმნელად.
პირველი დღე მოიცავს მიმდებარე ურბანულ სივრცეში სენსორულ, დაკვირვებით გასეირნებას, სადაც მონაწილეები დააკვირდებიან ჩრდილის არსებობას და არ არსებობას, მის სხვადასხვა ფორმებსა და ინტენსივობებს. მეორე დღეს კი მონაწილეები ფიზიკური მოდელირების გზით შეიმუშავებენ ისეთ სივრცით ინტერვენციებს, რომლებსაც ჩრდილის შექმნა შეუძლიათ. გამოიყენებენ სოციო-თერმული დიზაინისა და "თერმული საერთო სიკეთეების" (thermal commons) პრინციპებს. სამუშაო სესიის მიზანია, მონაწილეებმს საჯარო სივრცეებში თერმული კომფორტი დიზაინის პრიორიტეტად აღიქვან.
Re:design - მანიშნებლების და გზამკვლევების შექმნა საჯარო სივრცისთვის, სამუშაო სესია Traffic Design Studio-სგან
17 ივნისი | 10:00 - 14:00
ეს პრაქტიკული, ლოკაციაზე მორგებული სამუშაო სესია ფოკუსირებულია, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მანიშნებლების (signage) ერთობლივ დიზაინსა და შექმნაზე. მონაწილეები მცირე ინტერდისციპლინურ გუნდებად იმუშავებენ და ისტორიულად ან სოციალურად მნიშვნელოვანი ადგილებისთვის ახალ ვიზუალურ მანიშნებლებს შეიმუშავებენ. გამოიყენებენ ხელმისაწვდომ ტექნიკებს, როგორიცაა კედლის მოხატვა ან პანელის დამონტაჟება.
სესიას შესაძლოა წინ უძღოდეს "სეირნობითი სემინარი" (walkshop), სადაც მონაწილეები დააკვირდებიან თბილისის ადგილობრივ ტიპოგრაფიასა და ნიშების სტილისტიკას.
სამუშაო სესია დასრულდება ხელშესახები შედეგით - თანამშრომლობით შექმნილი მანიშნებლების/გზამკვლევის სისტემით. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარებათ ადგილზე დაფუძნებული დიზაინში გრძელვადიანად ჩაერთონ.
სხვა ბლოგები








