როგორია ადამიანის განვითარების ტენდენცია, რა გავლენას ახდენს სამყაროს აღქმაზე ტექნოლოგიური თუ ინფორმაციული ბუმი და რას გვეუნება რეალური სტატისტიკა. ამ თემებზე, დიზაინერი, ტიპოგრაფი, შემოქმედი, ახლა უკვე ბესტსელერი წიგნების ავტორი - სტეფან ზაგმაისტერი, ახალ წიგნში ,,Now Is Better'', მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვესაუბრება.
სტეფან, თქვენი შემოქმედება ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციური დიზაინითა და მრავალი მნიშვნელოვანი კოლაბორაციით გავლენიან ფიგურებთან. კარიერაში პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, როგორ განავითარეთ შემოქმედებითი მიდგომები და რა არის ის, რაც დღესდეობით ინსპირაციას გაძლევთ?
თავიდან მხოლოდ გრაფიკული დიზაინერი ვიყავი. თუმცა წლების განმავლობაში მივხვდი, რომ დიზაინი არის ის ენა, რომელიც შეიძლება მოვარგოთ არაკომერციულ კომუნიკაციებს. მართალია, კომერციული პროექტებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი წილი ამ მიმართულებით უკვე გავაკეთე და დროა რამე ახალი ვცადო. დიზაინი მართლაც ენაა და ახლა, როცა უკვე ვიცი მისი გამოყენება, დასანანი იქნება, თუ მხოლოდ კომერციულ თემებზე ვილაპარაკებ.
როგორც ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, სტივენ პინკერთან და დენი ჰილისთან გატარებულმა დრომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე დაგაფიქრათ. რა გავლენა ჰქონდა მათთან მიღებულ გამოცდილებას თქვენი წიგნის კონცეფციაზე? რა იყო მთავარი შთაგონება როცა წიგნზე, ,,Now is Better'' მუშაობა დაიწყეთ? პროექტზე, რომელიც ფიქრის გრძელვადიან პერსპექტივაზე აკეთებს აქცენტს.
ამ თემაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა რომის ამერიკულ აკადემიაში დიზაინერად მიმიწვიეს. ვმუშაობდი ულამაზეს სტუდიაში, რომლის ეზოშიც ფანტასტიკური ლანჩები და სადილები იმართებოდა, სწორედ ამ სივრცეში გავიცანი არაერთი მხატვარი, მწერალი, არქიტექტორი და არქეოლოგი. ეს იყო სალონური ტიპის სადილები, რომლებშიც მუდმივად ახალ-ახალი ხელოვანი იჯდა შენს მაგიდასთან. ასე მოვხვდი ერთ საღამოს ძალიან მახვილგონიერი ადვოკატის გვერდით, რომელიც ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. ბევრი ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე და ამიხსნა, რომ ის, რაც ხდებოდა უნგრეთში, პოლონეთსა და თურქეთში, ასევე ბრაზილიასა და აშშ-ში, ნამდვილად, დემოკრატიის დასასრული იყო.
ხოდა მეც სადილის შემდეგ ინფორმაციის მოძიება დავიწყე!
როდის დაიწყო თანამედროვე დემოკრატია? როგორ მიდის მისი საქმე ამ უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში? სად ვართ ახლა? თურმე 1823 წელს მხოლოდ ერთი დემოკრატია არსებობდა და ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები. 1923 წელს კი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, უკვე 18 დემოკრატიული ქვეყანა გვყავდა. 2023 წელს მსოფლიოში 96 დემოკრატიული სახელმწიფოა და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს დემოკრატიაში, ასე რომ ის ადვოკატი ძალიან შეცდა: გარდა იმისა, რომ ახლოსაც კი არ ვართ დემოკრატიის დასასრულთან, დემოკრატიის აბსოლუტურ ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. ეს საინტერესო გამოცდილება იყოს ჩემთვის. გავიცანი ჭკვიანი, უაღრესად განათლებული ადამიანი, რომელსაც აშკარად წარმოდგენა არ ჰქონდა იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობდა.
სწრაფი გავრცელების მედიითა და წამიერი სიახლეებით სავსე სამყაროში, უპირატესობას მაინც გრძელვადიან ტენდენციებს ანიჭებთ. თქვენი წიგნიც მკითხველს იმას მოუწოდებს, რომ სამყაროს გრძელვადიანი პერსპექტივიდან შეხედოს. რატომ არის მნიშვნელოვანი პერსპექტივის ამ კუთხით შეცვლა? განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ სიტუაციას. როგორ დაეხმარება ,,Now is Better'' მკითხველს გრძელვადიანი პერსპექტივის ჩამოყალიბებაში?
ისეთი მედია საშუალებები, როგორიცაა „ტვიტერი“ (Twitter) ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამყარო უკონტროლოა, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ხოლო ჩვენ ყველანი განწირულები ვართ. თუმცა, თუ სამყაროსთან დაკავშირებით მოვლენებს გრძელვადიანი პერსპექტივიდან შევხედავთ - რაც ერთადერთი გონივრული მიდგომაა - კაცობრიობასთან დაკავშირებული თითქმის ნებისმიერი ასპექტი ნელ-ნელა უმჯობესდება.
ნაკლები ადამიანი შიმშილობს, ნაკლები ადამიანი იღუპება ომებში და სტიქიურ უბედურებებში, უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ცხოვრობს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე. 200 წლის წინ ათი ადამიანიდან ცხრას წერა-კითხვა არ შეეძლო. ახლა კი ამ მაჩვენებლის პროპორცია ათიდან ერთ ადამიანზეა.
მჯერა, რომ ყველა ნეგატიური სიახლე საჭიროა იმისთვის, რომ ავმოქმედდეთ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური ინფორმაციაც. თუ გვინდა, რომ რეალური ცვლილებები გამოვიწვიოთ, ორივე თანაბრად დაგვჭირდება.
საინტერესოა კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიეთ სოციალურ ცვლილებებს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაგალითად, წარმოუდგენლად ეფექტური თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია, რის შედეგადაც ბევრმა ქვეყანამ მწეველთა რიცხვი გაანახევრა.
ეს ეფექტური მიდგომა განპირობებული იყო როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მესიჯების გამოყენებით. მაგალითად, ხაზგასმა დაზოგილ ფულზე, თუმცა ამავდროულად სიგარეტის კოლოფებზე შოკისმომგვრელი, უარყოფითი ფოტოების დართვა. წარმოუდგენელ შედეგებს შეგვიძლია მივაღწიოთ მედიის სწორად მომართვით და დღესდღეობით ამის ბევრი გზა არსებობს. ჩემი მიზანია, რომ ერთ-ერთი ასეთი გზა მეც დავსახო.
თქვენ წიგნში კაცობრიობის პროგრესი პოზიტიური კუთხიდანაა დანახული, თუმცა ასევე აღიარებთ მსოფლიოში არსებულ უამრავ გამოწვევასა და მძიმე სიტუაციას. როგორ ახერხებთ პოზიტიური გრძელვადიანი ტენდენციების წარმოჩენას არც თუ ისე პოზიტიური რეალობის ფონზე? მაგალითად, COVID-19-ისნაირი პანდემიები და მსგავსი გამოწვევები. როგორ მოახერხებს ეს ე.წ. დაბალანსებული პერსპექტივა ხალხის შთააგონებას, რომ მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან?
კარგი შეკითხვაა. პანდემიების გამოცდილების ბოლო 100 წლიან ინტერვალს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ესპანურმა გრიპმა მინიმუმ 45 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჩუტყვავილამ დაახლოებით 300 მილიონი, შიდსის/აივ ინფექციამ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, ვერ შეამსუბუქებს იმ დაუჯერებელ დანაკარგს (6.5 მილიონ ადამიანზე მეტი), რაც Covid 19-ის დროს გადავიტანეთ, მაგრამ ნათლად ასახავს ხშირად ციტირებულ ფრაზას, რომ ჩვენ მართლაც „უპრეცედენტო დროში“ ვცხოვრობთ.
ნათქვამი გაქვთ, რომ მხოლოდ ფუნქციონალობის ძიებით ხშირად ისეთი პროდუქტი იქმნება, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ფუნქციონალური. შეგიძლიათ ამის რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანოთ პირადი გამოცდილებიდან? როგორ განსაზღვრავთ სილამაზის როლს დიზაინში და რატომ ფიქრობთ, რომ ფუნქიონალობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სილამაზის პრიორიტეტად წარმოჩენა?
დიზაინზე ორიენტირებული ბევრი პროფესია, იქნება ეს არქიტექტურა, პროდუქტის თუ ციფრული დიზაინი, სილამაზეს სერიოზულად არ აღიქვამს. ბევრი პრაქტიკოსი მას ზედმეტადაც კი მიიჩნევს და ძირითადი ფოკუსი ფუნქციონალობაზეა გაკეთებული. მტკიცედ მჯერა, რომ ფუნქციონალურობისადმი ერთპიროვნული სწრაფვა ხშირად იწვევს ისეთ შედეგს, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს კარგად. ამის ნათელი მაგალითია 50-იანი და 60-იანი წლების საჯარო საცხოვრებელი კომპლექსები. მისი მიზანი იყო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ეფექტურად განთავსება, რის გამოც პროექტებმა ვერ გაამართლა და საცხოვრებლად შესაფერისი არ აღმოჩნდა. 20 წლის შემდეგ კი, მათი დემონტაჟი გახდა საჭირო. ასე რომ, ფუნქციონალიზმმა ვერ იფუნქციონირა.
ახალგაზრდა დიზაინერი როცა ვიყავი, მჯეროდა, რომ ყველაზე მთავარი იდეა იყო, ხოლო ფორმა და სტილი მეორეხარისხოვანი. ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს ვიცნობ, რომლებიც იგივეს ამბობენ. მას შემდეგ, რაც ამ მიდგომით 30 წელი ვიმუშავე, დავრწმუნდი, რომ არასწორი ვიყავი. ფორმალურ ატრიბუტებს, როგორიცაა სილამაზე, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს როცა ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც კარგად უნდა ფუნქციონირებდეს.
დაახლოებით ათი წლის წინ დიზაინის კონფერენციაზე ვიყავი მემფისის ცენტრში. იმ პერიოდში ჯერ კიდევ მწეველი ვიყავი და ხშირად მიწევდა გარეთ გასვლა და მარტო მოწევა. მახსოვს ერთხელაც, მიმოვიხედე და გარშემო ვერაფერი დავინახე, რაც ცოტათი მიმზიდველი მაინც იქნებოდა. სილამაზე არ წარმოადგენდა იმ ატრიბუტს, რომლის გათვალისწინებითაც სივრცე იყო შექმნილი და ამიტომ ყველაფერი სრულიად უტილიტარულად გამოიყურებოდა. უტილიტარული არა იმ გაგებით, რომ ფორმას ფუნქცია უმაგრებდა ზურგს, არამედ „როგორ გავაკეთოთ ეს რაღაც ისე, რომ ყველაზე იაფად და სწრაფად გამოვიდეს“. ამ დაკვირვებას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დაბრუნებული ვიყავი ლისაბონის კონფერენციიდან, რომელიც ძველი ქალაქის ხედებიან ციხესიმაგრეში ჩატარდა. შუა საუკუნეების ციხესიმაგრე იყო, სამხედრო შენობა - თავდაცვითი ნაგებობა - მაგრამ მისი თითოეული კარის სახელური მორთული იყო საინტერესო ნიმუშებით სწორედ სილამაზისთვის. ამ ყველაფერმა ძალიან დამაფიქრა. რა დაგვემართა? რა მოხდა და რატომ ვიქეცით ყველანი ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ?
თქვენი მიდგომა დიზაინისადმი ითვალისწინებს აუდიტორიასთან ემოციური კავშირების დამყარებას. როგორ ახერხებთ იმას, რომ დიზაინი ეფექტურად მოარგოთ წინასწარ განსაზღვრულ ემოციებს? შეგიძლიათ გაიხსენოთ პროექტი, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერი იყო დიზაინის ემოციური გავლენა?
გამოვარჩევდი პროექტებს „Happy Film“ და „Happy Show“, ვფიქრობ, ყველაზე დიდი ემოციური რეაქცია აუდიტორიას მასზე ჰქონდა. ეს კარგად ვიცი, რადგან ბევრი, ბევრი წერილი მივიღე ამ შინაარსით.
ასე რომ, ვფიქრობ ისეთი პროდუქტის შექმნის მისია, რომელთან იდენტიფიცირებასაც აუდიტორია პირდაპირ შეძლებს, წარმატებით დასრულდა და როგორც დიზაინერი, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ათობით, ათეულ წერილს ვიღებ, რომლებშიც მარწმუნებენ რომ ეს მისია მართლაც წარმატებულია. მინდა რამდენიმე ამონარიდი გაგიზიაროთ:
„თქვენმა ღიაობამ და გულწრფელობამ გამაოცა. ვცდილობ მეც გულწფრელი ვიყო, როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთან. ვფიქრობ, როგორც წესი, უფრო ხშირად ვარ წარმატებული, ვიდრე წარუმატებელი. ბოლო დროს კი უფრო მეტი მარცხი მომდის. თუმცა თქვენი გამოცდილებისა და გზის დანახვამ ძალიან გამამხნევა".
”Happy Film თელ-ავივში ვნახე. როდესაც ფილმი დასრულდა (შთამბეჭდავი ტიტრების ჩვენებამდე) მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და ტაში დაუკრა. პირველად ვნახე მსგავსი რამ კინოთეატრში".
”დეპრესია მტაჯავდა. თერაპიაზე დავდიოდი და წამლებს ვიღებდი და ცოტა ხნის წინ, როცა მდგომარეობა გამიუმჯობესდა, ყველაფერს შევეშვი. იმდენად მომეწონა თქვენი ფილმის გრაფიკა, რომ შემშურდა კიდეც. იმდენად ახლო იყო ბევრი რამ ამ ფილმში ჩემთან, თავი ისე ვიგრძენი თითქოს მეც მისი მონაწილე ვიყავი. ”
„ფილმი დაუჯერებლად შთამბეჭდავი იყო. დამთავრების შემდეგ ყოველ ნახევარ საათში ტირილი მიტყდებოდა“.
როგორც აღნიშნეთ, თქვენ საქმეში მნიშვნელოვანია მოწყენილობის თავიდან არიდება. როგორ ახერხებთ შეინარჩუნოთ შთაგონება და ბოლომდე ჩართული იყოთ პროექტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ? შეგიძლიათ გაგიზიაროთ რაიმე სტრატეგია ან პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარათ ენთუზიაზმის შენარჩუნებაში?
მოწყენილობისა და სამუშაობს მობეზრების თავიდან ასაცილებლად, ჩემებური წარმატებული სტრატეგია მაქვს. ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ აკადემიურ შვებულებას ვიღებ. ამ შვებულების დროს კლიენტების პროექტებზე არ ვმუშაობ. ექსკლუზიურად ისეთ საკითხებს ვუთმობ დროს, რომლებიც ჩემთვის საინტერესოა და რომლებიც მართლა მინდა რომ ვცადო. შვებულების აღებამდე, თითქმის ორჯერ მეტ დროს ვუთმობ მუშაობას ნიუ-იორკის სტუდიაში. წლების განმავლობაში ვწერ იმ საკითხების ჩამონათვალს, რაც მართლა მაინტერესებს.
როდესაც შვებულების პერიოდი ახლოვდება, ვუყურებ ამ ჩამონათვალს, მნიშვნელობისა და პრიორიტეტულობის მხრივ ვარჩევ პროექტებს, შემდეგ მათ საათობრივ სესიებად ვანაწილებ და ყოველკვირეულ გეგმას ვწერ: მნიშვნელოვან საკითხებს კვირაში 5 საათამდე დროს ვანიჭებ, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანს კი 1 საათამდე დროს. ამ მიდგომამ ძალიან კარგად იმუშავა და შვებულების დაწყებიდან 3-4 თვეში იმდენი სიცოცხლით სავსე პროექტი იქმნება, რომ გეგმა და განრიგი აღარც კი მახსენდება.
მე ვერ განვსაზღვრავ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ სხვა ადამიანებმა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ვესაუბრე ათეულობით ადამიანს, ვინც მსგავსი აკადემიური შვებულება აიღო, მდიდრებმა და ღარიბებმა, მარტოხელებმა და დაოჯახებულებმა და ა.შ. ყველა იმას ამბობდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც მათ ცხოვრებაში გაუკეთებიათ.
გიმუშავიათ არაერთ პროექტებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რამდენად ახდენს გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნება გავლენას თქვენი დიზაინის შექმნის პროცესებზე? როგორ ახერხებთ, რომ თქვენი დიზაინი თან ახლოს იყოს მრავალფეროვან აუდიტორიასთან და თან შეინარჩუნოს ის უნიკალური პერსპექტივა, რომელიც თქვენ, როგორც დიზაინერს გაქვთ?
მივხვდი, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის ერთი და იგივე მოვლენებია მიმზიდველი და მოსაწყენი. გამიკვირდა კიდეც, რომ მართლა არსებობს საერთო, საზიარო მახასიათებელი.
ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობს ადგილობრივი სპეციფიკაც, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვადასხვა კულტურაში. თუმცა, როცა არასწორ ნაბიჯს ვდგამთ, ყოველთვის გვაქვს ადგილობრივი ინსტიტუტის იმედი, რომელიც გამოქვეყნებამდე იჭერს ამა თუ იმ შეცდომას.
© ნინი პაპაშვილი
სხვა ბლოგები








