program_image

24 August, 2024

ინტერვიუ ერეკლე ინაშვილთან

გერმანული და ქართული დიზაინ სამყაროს ნაწილი 18 წლის განმავლობაში, სტრატეგიული დიზაინის ლიდერი და ტიტულოვანი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი - ერეკლე ინაშვილი დიზაინის ინსტიტუტის ბლოგ-ინტერვიუში მის გამოცდილებას გვიზიარებს და დიზაინის ინსტიტუტში მომდევნო შეხვედრებზე გვიყვება.

ერეკლე, 18 წელი დიზაინის სფეროში, უდიდესი გამოცდილება საერთაშორისო წამყვან ბრენდებთან, როგორებიც არიან Alianz, MTV, Sky, DAZN, RTL Creation, მოგვიყევით, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები დიზაინში, როგორ აფასებთ ეს ამ მოგზაურობას.

პირველ ეტაპებზე ძალიან დიდი ინტერესი მქონდა მოძრავი - Motion დიზაინის მიმართ. პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ სატელევიზიო ე.წ. Broadcast დიზაინში დავიწყე. ქართული გამოცდილების მერე, იყო Filmakadamie Baden-Württemberg-ში, ქალაქ Ludwigsburg-ში (გერმანია), სადაც დიზაინის ახალი სფეროებისადმი მეტი ინტერესი გამიჩინა და მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა ინტერაქციული დიზაინის მიმართულებით. ახალმა ცოდნამ, საინტერესო მენტორებმა და ჩემმა სურვილმა, მეკეთებინა ეს საქმე, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ განვითარებაში. ბრენდის კეთება უკვე RTL-ში დავიწყე, სადაც უკვე 360 გრადუსიან კამპანიებზე ვმუშაობდი, რომელსაც დიდი მასშტაბი ჰქონდა, და მეორე დღეს მთელი გერმანიის მასშტაბით იშლებოდა. მთავარი ფაქტორი, რაც მხიბლავს დიზაინში, მისი მუდმივი განვითარებაა. ყოველთვის ახლდება და მრავალფეროვნდება მიმართულებები. ახლა, ჩემი ახალი ინტერესის სფერო დიზაინ Futuring-ია. ეს მიმართულება მეტად სტრატეგიულ ამბის თხრობაზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გაძლევს უამრავი მიმართულებით განავითარო სცენარი და მოარგო დიზაინ-გადაწყვეტილებები. წლების გასვლასთან ერთად, ფასადურ დიზაინზე მეტად, ჩემთვის სტრატეგიული დიზაინი ფასობს. ხელოვნური ინტელექტის ერაშიც, სადაც ხელსაწყოების ავტომატიზაცია დაჩქარებულია, წარმატების გზა გადის შემოქმედებითი და სტრატეგიული დიზაინის სინთეზზე. ტექნოლოგიისა და დიზაინის კარგი მეგობრობით იქმნება ახალი რეალობა, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად არსებობენ.

რას ნიშნავს იყო ხელმძღვანელი დიზაინის სფეროში, რა როლს ასრულებს ის ბრენდის მართვისას და როგორ არის ის ჩართული შემოქმედებით თუ სტრატეგიულ პროცესებში?

შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დიზაინ ლიდერი, პირველ რიგში, არის მარკეტერის სპარინგ პარტნიორი. რაც უფრო ძლიერია ეს პარტნიორობა და ურთიერთ თანამშრომლობა, მით უფრო წარმატებულია პროცესი. მარკეტერთან მუდმივ ინტერაქციაში ყოფნა, ბევრი კითხვების დასმა, დეტალების დაზუსტება, აუცილებელია ბრენდის შექმნასა თუ განვითარებაში. ახლო კომუნიკაცია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ვიზუალურად თუ ფასეულობებით, გადამწყვეტია ბრენდის გამოძერწვის პროცესში. ჯანსაღი გამოწვევების შექმნა, კრეატიული დავალების იდენტიფიცირება, კრიტიკულ პრიზმაში გატარება, ემპათიის უნარი, დეტალების გამოძიება, საჭირო ატრიბუტებია საუკეთესო გადაწყვეტილების საპოვნელად. დიზაინის ხელმძღვანელი პროცესის მოდერატორია, რომელიც სტრატეგიული ელემენტებიდან, ვიზუალურ შედეგებამდე, ყველა ეტაპზე ჩართულია და მარკეტერთან ერთად აშენებს ბრენდის გამოცდილებას.

ერეკლე, ციფრული ხელსაწყოებისა და მედიუმების გამოყენების დიდი გამოცდილება გაქვთ. გაგვიზიარეთ, როგორია ეს პროცესი. როგორ ზრდის პროდუქტიულობას ციფრული პროდუქტები და რამდენად მნიშვნელოვანია ის ეფექტური მუშაობისთვის.

ინტერაქტიულ დიზაინში Figma შეუცვლელი მედიუმია. კონცეფციაში - Miro, ჩემი დაკვირვებით, ორივე მსოფლიო სტანდარტია. კლასიკურ გრაფიკულ დიზაინში Adobe Illustrator დღემდე შეუცვლელი ხელსაწყოა. Motion დიზაინის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდა Aftereffect-ის მონოპოლია. Photoshop-მა კი მეტ-ნაკლებად დაკარგა ჰეგემონია ყოფილიყო უნივერსალური ხელსაწყო, რაზეც წლების წინ ჰქონდა ამბიცია.

მეთოდებს რაც შეეხება, ამ წუთას რაც მახსენდება, "მობილურ ეთნოგრაფიას" გამოვყოფდი. ბრიფის მიღების შემდეგ, ბევრს დავდივარ ფიზიკურ სივრცეებში და ყველგან ვეძებ ინსპირაციებს. ხშირად ეს ინსპირაციები, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული სფეროდანაა, ვიდრე უშუალოდ "გასაბრენდი" პროდუქტი. პროცესის მთავარი ინტერესი ზუსტად იმაშია, რომ იპოვო ბრენდის დნმ და ვიზუალური ქარიზმა. დიზაინერი ამ პროცესში მუდმივად შემგროვებელია, ფიქრობს და აბამს კავშირებს სხვადასხვა სფეროებსა და პროდუქტებს შორის.

როგორია დიზაინერის, დიზაინ ლიდერის ურთიერთობა დამკვეთთან. რა გამოწვევებია ამ ურთიერთობაში და ახლა უკვე, 18 წლიანი გამოცდილებით, რა უნდა გაითვალისწინონ დიზაინერებმა დამკვეთთან ურთიერთობისას?

საწყის ეტაპზე, როცა ნაკლები გამოცდილება გაქვს, ყოველთვის ცდილობ შენი ნამუშევარი მოაწონო დამკვეთს. გამოცდილებასთან ერთად, ეს ამოცანა იცვლება. დღეს ჩემთვის მთავარია, ნამუშევარი მომწონდეს მე და ჩემ თავთან ვიყო მართალი. თუკი, დამკვეთი ჩემთან მოდის, ის ჩემს გამოცდილებას ენდობა. ეს კი უკვე დიდი ნდობის და პატივისცემის ნიშანია. ამიტომ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ვაკეთებ, მიყვარს და მომწონს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ ვკიდებ ხელს. მიყვარს ახალი გამოცდილებები და განსაკუთრებით, ქართული, რომელიც ჩემი გერმანული რეალობის გარდა მნიშვნელოვანი ნაწილია.

ერეკლე, თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ არა მხოლოდ გერმანულ, და საერთაშორისო ბრენდებთან, არამედ ქართულ კომპანიებთანაც. ბევრი ჩვენთვის საყვარელი და აიქონიქ ბრენდინგის ავტორი ხარ. განსხვავდება თუ არა საერთაშორისო და ქართული ბაზარი, რა ასპექტებს გამოყოფდი დამკვეთებთან ურთიერთობის კუთხით?

ქართულ და გერმანულ ბაზარზე ყოფნა, მეხმარება დანაკლისების შევსებაში. გერმანულ დახვეწილობას, ხარისხს, მაღალ პროფესიონალიზმს, ქართული იმპულსურობით, სპონტანურობითა და არასტანდარტული, თავისუფალი აზროვნებით ვაბალანსებ. რა თქმა უნდა, ბევრი ასპექტი განასხვავებს გერმანულ და ქართულ ბაზარს ერთმანეთისგან. გერმანიაში იგრძნობა სიმდიდრე ყველა დეტალში. პროფესიონალიზმი, ხარისხზე ორიენტირებულობა, მაღალი სტანდარტი არის კონსტანტა. ქართული ბაზარი მეტად ხასიათობრივი და განწყობითია. იგივე არის დამკვეთების კუთხით. გერმანია ხარისხის აბსოლუტიზმია, მაშინ, როცა ქართულ რეალობაში შემოქმედებითი პოტენციალის ათვისება თუ რეალიზება, სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით იცვლება.

საერთაშორისო ჯილდოები: German Design Award, Red Dot Design award… რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის ამგვარი აღიარება და რა სჭირდება დიზაინერს იმისთვის, რომ მისი პროექტები წარმატებული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდეს.

ჯილდოები არასდროსაა ჩემი თვითმიზანი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მათი მიღება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკუთარი ხარისხის, სტანდარტისა თუ თამასის განსაზღვრაში. დასტური და აღიარება სხვადასხვა ჯილდოს სახით, გეხმარება თავი დაიმკვიდრო პროფესიულ საზოგადოებაში და დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში. ეს აძლიერებს მოტივაციას და სტიმულს ახალი გამოწვევები დაუსახო შენს თავს. მნიშვნელოვანი მაინც ისაა, სიამოვნება მიიღო, გაიზარდო და განვითარდე ამ პროცესში.

განათლების სფეროსთან მჭიდრო კავშირი გაქვთ. ახლა უკვე დიზაინის ინსტიტუტშიც გაქვთ სესიები, მოგვიყევით, რა ელით ცალკეული შეხვედრების თუ კურსების დამსწრეებს.

როგორც ვახსენე საქართველოში არ ვცხოვრობ და წელიწადში მხოლოდ ორჯერ-სამჯერ მიწევს ჩამოსვლა. ვცდილობ ყოველ ასეთ ვიზიტზე მეტი ინტერაქცია მქონდეს დიზაინ ინსტიტუტის აუდიტორიასთან. იგეგმება ღია შეხვედრა 4 სექტემბერს დიზაინ-პორტფოლიოს გაზიარების და შექმნის კუთხით.

ასევე ჩვენ გვაქვს "ბრიფი VS დიზაინი", ბეკი ფანცხავასთან გამოცდილებაზე დაფუძნებული საავტორო კურსი. მთავარი take away აქ პროცესია, კოლაბორაცია მარკეტერებსა და დიზაინერებს შორის. მოტივაცია გვქონდა, რომ ჩვენი პროფესიული ყოველდღიურობა გვექცია ქეისად და კურსის სახით მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ასე რომ დიზაინ ინსტიტუტში წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველის.

ნინი პაპაშვილის ინტერვიუ

გაზიარება