საზოგადოების ჩართულობისთვის და ინკლუზიურობისთვის, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გარემო თითოეული ადამიანისთვის მარტივი და სრულად ადაპტირებული იყოს. ამ მოცემულობას ყველა ვეთანხმებით, თუმცა ახალი თაობა ბევრად ქმედითია და გამოწვევებისთვის რეალურ დიზაინ გადაწყვეტებს ეძებს, აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, ინკლუზიურობა უბრალო შეთანხმებად არ დარჩეს.
დიზაინის ინსტიტუტის ბლოგს, ვუთმობთ ახალგაზრდა დიზაინ მოაზროვნეებს, რომლებიც რეალური პრობლემის გადასაჭრელად გაერთიანდნენ, გაიარეს დიზაინის ყველა ეტაპი რომ შეექმნათ ჭკვიანი ხელთათმანი - ჟესტური ენის გაციფრულებით და თარგმნით, საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის კომუნიკაციისთვის გასამარტივებლად.
მეწარმეობის გაკვეთილზე ნანახ სმენის პრობლემის მქონე გოგონას ვიდეოს, ინტუიტიურად მოჰყვა ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი, ცოდნის გაღრმავება, პროტოტიპების შექმნა, საკონკურსო ღელვა და საბოლოოდ ჭკვიანი ხელთათმანის შექმნა, რომელიც ჟესტურ ენას აღიქვამს და ადამიანებს ინკლუზიურ კომუნიკაციაში ეხმარება.
სკოლის მეგობრები ერთმანეთს საკმარისად კარგად იცნობდნენ იმისთვის, რომ სტარტაპი ჩამოეყალიბებინათ, საკუთარი იდეები საპრეზენტაციო სიტყვად ექციათ და სხვა ადამიანები დაერწმუნებინათ, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, შეეძლოთ რთული ამოცანისთვის თავი წარმატებულად გაერთვათ.
მათ გუნდს მენტორობას, საგნის მასწავლებელი - თამარ მორგოშია უწევდა, რომელიც მნიშნვნელოვანი მხარდამჭერი იყო გამოწვევებით დატვირთულ გზაზე.
რთული გზა მოსწავლეების მიერ დაფუძნებულ სტარტაპს ძალიან მოკლე დროში უნდა გაევლო. სულ რამდენიმე კვირა ჰქონდათ იდეის მოფიქრებიდან მის აღსრულებამდე. პროცესს გამოუცდელობა, კონკრეტული ტექნოლოგიებზე ხელმიუწდომლობა, რესურსების ნაკლებობა და რობოტიკაში მწირი ცოდნაც ართულებდა. სწავლის პარალელურად, სრულიად ახალი პროდუქტის შექმნაზე ფიქრი, მათთვის უდიდესი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.
პირველ რიგში, თავად სჯეროდათ, რომ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებოდნენ. ამიტომ შეძლეს სხვა ადამიანების დარწმუნებაც და მათგან მხარდაჭერის მიღება. გენერირებული იდეები ტექნო პარკის დამხარებით პროტოტიპებად აქციეს.
ახალგაზრდა მეწარმეებს არც ის დავიწყებიათ, რომ მათი პროდუქტი უშუალოდ სამიზნე აუდიტორიასთან გამოეცადათ და რეალური, ჯანსაღი უკუკავშირი მიეღოთ.
ნუცა ნოდია ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის უშუალოდ სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან შეხვედრა.
„203-ე საჯარო სკოლაში სტუმრობით, გავაცნობიერეთ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბარიერები. გავიაზრეთ, რას ნიშნავს, როცა ვერ ახერხებ სრულად ადაპტირდე ადამიანებთან და შენი სათქმელი გაუზიარო სხვას. სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეების გაცნობისა და მათი რჩევების მოსმენით, მივხვდით, რომ ბავშვური გამარჯვების სურვილით დაწყებული პროექტი, საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებოდა”.
„ხელთათმანის პირველი პროტოტიპი პოტენციომეტრებზე ავაგეთ, დამაგრებული ჰქონდა ეკრანი და ხელის მიერ შესრულებულ ჟესტზე, ძაფები მოძრაობდა და ეკრანზე სიტყვებად იწერებოდა. თუმცა ამ მექანიკაში შეზღუდული ვიყავით და მხოლოდ ხუთი ჟესტის თარგმნა იყო შესაძლებელი. შემდეგ უკვე, ფლექს-სენსორები ვიყიდეთ, რომელიც ხელის მოძრაობას სივრცეშიც აღიქვამს და უკეთ ახერხებს სიტყვების დაწერას. ეკრანის ზომაც შევამცირეთ და დავამატეთ სპიკერი, რომ ხელთათმანი გამხდარიყო ორმხრივი და სრულად ინკლუზიური''.
სკოლის მოსწავლეების სტარტაპმა ევროპის სამეწარმეო ფესტივალზე, Junior Achievement Europe Innovation of the Year, დიდ წარმატებას მიაღწია და პირველად გახდა კომპანია Johnson&Johnson-ის დაწესებული ჯილდოს მფლობელი.
კონკურსის მერე, პროტოტიპზე მუშაობა გრძელდება. ახლა უკვე მომავალი სტუდენტების გუნდი, აკადემიური ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია გაზარდონ, მეტი ფინანსები მოიზიდონ და უფრო დახვეწილი პროდუქტი შექმნან.
მათი ამბავი კი, მოტივაციაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. ამისთვის საჭიროა დიზაინერივით ფიქრი და შესაბამისი ხელსაწყოების ფლობა, იქნება ეს უნარ-ჩვევები თუ სხვადასხვა დისციპლინის ცოდნა.
ახალგაზრდა მეწარმეების, ნუცა ნოდიას, შოთა ილაშვილის, თეკლა მუხათგვერდელის, რეზო ყაველაშვილის და გიგილო შალიკაშვილის პროექტის პრეზენტაცია MAC Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საუბრების სერია „შუქი მოვიდას” რიგით მეორე ღინისძიების ფარგლებში გაიმართება, პროექტს ნუცა ნოდია წარადგენს.
ამ ღონისძიებაზე მოისმენთ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების, მეგიობრების ისტორიებს, ყოველდღიურ გამოწვევებს, გამოცდილებებსა და ამბებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
MAC Georgia (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის - McLain Association for Children, Georgia) უკვე 15 წელია უცვლელი მიზნით ფუნქციონირებს - ყველას, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, ჰქონდეს წვდომა იმ რესურსებსა და მხარდაჭერაზე, რაც საჭიროა მათი სრული პოტენციალის გამოსავლენად.
ნებისყოფით, შეუპოვრობითა და ბევრი ადამიანის დახმარებით, მათ შორის ორგანიზაციის გუნდის წევრების და პარტნიორების ძალისხმევით, MAC Gerogia რეალურად ცვლის არსებულ სიტუაციას.
MAC Georgia დიზაინის ინსტიტუტის პარტნიორია და მისი მხარდაჭერით, დიზაინის საფუძვლების პროგრამაზე სტიპენდიაც დაწესდა.
ნინი პაპაშვილის ბლოგი
სხვა ბლოგები








