program_image

23 May, 2024

ინტერვიუ ზვიად ციკოლიასთან

ტექნიკის სიყვარულით შესწავლილი დიზიანი, სამუშაო გამოცდილება ავიიაციიდან საიუველირო სფერომდე, უამრავი მოგებული ჯილდო და საკუთარი ბრენდი, რომლითაც ახალ ისტორიას ქმნის. გაეცანით ინტერვიუს ზვიად ციკოლიასთან.

ზვიად, თქვენ ხართ ინდუსტრიული დიზაინერი, დიდი გამოცდილებით ავიაციაში, ტრანსპორტში, ჯავშან-ტექნიკაში, საიუველირო სფეროში… მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი გზა დიზაინში, სად მიიღეთ განათლება და როგორ დააგროვეთ ცოდნა, რომელსაც დღეს წარმატებულ პროექტებად აქცევთ.

ტექნიკის მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდან მქონდა. შვიდი წლის ასაკში ნორჩ ტექნიკოსთა ცენტრალურ სადგურში, სატრანსპორტო დიზაინის ლაბორატორიაში აღმოვჩნდი. ამ დროიდან ვმუშაობდი ყველანაირი ტიპის ტრანსპორტის დიზაინზე. ლაბორატორიაში ყველა თაობის ადამიანი იყრიდა თავს, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა და გაძლევდა საშუალებას აგემაღლებინა შენი აკადემიური ცოდნა და მიგეღო პრაქტიკული გამოცდილება. აკადემიაში კი, შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. დავეუფლე დიზაინის საფუძვლებს, ვისწავლე დიზაინის საბაზისო ანბანი, რომლითაც ამბების თხრობა შემიძლია. რთული სოციალური გარემოს გამო, მალე მომიწია აკადემიიდან წამოსვლა და პრაქტიკული პროექტების დაწყება. ამ სირთულის მიუხედავად, მჯეროდა ჩემი ოცნებების და ვიყენებდი ყველა შესაძლებლობას, რომ საინტერესო გამეხადა ჩემი ცხოვრება.

ვისაუბროთ თქვენთვის საყვარელ პროექტებზე. საიუველირო ნაწარმიდან დაწყებული, საბრძოლო ტექნიკებით დასრულებული, თქვენი პორტფოლიო ფართო სპექტრის პროექტებს აერთიანებს. როგორია მუშაობის პროცესი და როგორ ახერხებთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დიზაინებზე ერთნაირი წარმატებით მუშაობას?

სამუშაო პროცესი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამ ყველაფერს ერთმანეთისგან არ ვმიჯნავ. ყველა პროექტზე ვმუშაობ ისე, თითქოს ეს არასდროს გამიკეთებია და ვარ მუდმივ ძიებაში. ვიყენებ ყველა შესაძლო ტექნიკას, პროგრამას, მეთოდს თუ მასალას. პროცესი რამდენიმე წუთიანი წარმოსახვით იწყება, როგორი იქნება პროდუქტი რეალურ ცხოვრებაში. სულ ვცდილობ, რომ დიზაინში არაორდინალური ელემენტი შევიტანო. ვიზუალური გამოსახვის მერე, იმპროვიზაცია შემოდის და ეტაპობრივად ვხვეწ პროტოტიპირებისას.

საყვარელი პროექტი არ მაქვს. პროექტზე მუშაობისას, ჩემს სულსა და გულს ვდებ, შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა მათგანი.

ჩემი შემოქმედებითი სურვილების განხორციელება Air Georgia-ში დაიწყო.

შემდეგ იყო ბუგატის პროექტი, რომელიც ფრანკფურტის ავტოსალონზე აღმოჩნდა. გამორჩეულია დიდგორი, ჩემი სამხედრო ტექნიკის სიყვარულისა და მისი საქვეყნო მნიშვნელობის გამო. თვითმფრინავი ლიზი - პირველი ერთადგილიანი კომპოზიტი, რომელიც წარმატებით აფრინდა და თავად

მომუშავე გუნდიც კი გააკვირვა. გავიხსენებ Russo-Baltique-ს პროექტს, რომელიც წარსდგა Villa D’Este- გამოფენაზე, წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული მიღებითა და BMW-ს მთავარი დიზაინერის, კრის ბენგლის ღირსების სალმით. რა თქმა უნდა, ციკოლიას ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველა პროდუქტი ჩემი ემოციების ნაწილია და ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის.

თქვენი საერთაშორისო გამოცდილება ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა ‚,ბუგატი”, ,,პეჟო”, იაპონურ კომპანია „DCI“- თან. გამორჩეული პროექტები: დიდგორი 914, ლაზიკა. „Russo-Baltique Impression '', „Rolls Royce-coupe “... როგორია თქვენი შეფასება დღევანდელი გადმოსახედიდან და რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის ასეთ ბრენდებთან მუშაობას, იქონია თუ არა გავლენა ამ გამოცდილებამ თქვენი ბრენდის ჩამოყალიბებაზე?

ამ კომპანიებთან მუშაობამ, რა თქმა უნდა, დიდი ცოდნა და გამოცდილება მომიტანა. ძალიან მაღლა აწია ჩემი სტანდარტების თამასა. დამიხვეწა საქმისადმი მიდგომა და შემიცვალა შეხედულებები სამუშაო პროცესის მიმართ. განსაკუთრებულად, მნიშვნელოვანი იყო იაპონია, რომელმაც დამანახა, რომ დიზაინში ყველა დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება, იდეიდან რეალურ პროდუქტამდე.

საერთაშორისო აღიარება…ორჯერ მოგებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დიზაინის ჯილდო RED DOT. წელს კიდევ ერთი, German Design Award 2024 გამარჯვება კოლხის მზის სათვალისთვის. რა გზას გადის იდეა, ჩანაფიქრიდან განხორციელებამდე?

ჩემი სამუშაო პროცესის განვითარებაზე დიდი როლი ითამაშა ნორჩ ტექნიკოსთა სადგურმა, რადგან იმ დროშიც კი ვახერხებდით პროტოტიპების შექმნას და ესკიზების რეალურად დანახვას. ახლა უკვე სამ განზომილებანი პრინტერისა და ტექნოლოგიების დახმარებით, ეს პროცესი გამარტივებულია. უკვე შეგიძლია სულ რამდენიმე წუთში აქციო ესკიზი პროტოტიპად და დაინახო პროდუქტის მთლიანი სურათი, მისი ერგონომიკა თუ ფუნქციონალურობა. მუშაობის პროცესს პროდუქტის ტიპის მიხედვით განვსაზღვრავ. ვითვალისწინებ ყველა დეტალს და მუდმივად ვექსპერიმენტობ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რომელიც ადამიანის ცხოვრებას გაადვილებს და კომფორტულს გახდის.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს, რა უნარები სჭირდებათ და რა მიმართულებით უნდა განავითარონ ცოდნა?

ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია, რომ ემოციები შეინარჩუნონ. ჰქონდეთ ქარიზმა, რომ შექმნან გამორჩეული და დამახასიათებელი დიზაინები. არაა აუცილებელი, რომ შექმნილი დიზაინი ყველასთვის მოსაწონი იყოს. ნეიტრალური, შეუმჩნეველი დიზაინის შექმნას, სჯობს, შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი. ცოდნასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას. საკუთარი ხელით შექმნას, რეალურ მუშაობას, ფასდაუდებელი წვლილი აქვს პროფესიულ განვითარებაში. გამოცდილებასთან ერთად მოდის შეგრძნება, სად გადის ზღვარი პრაქტიკულ და იდეალურ დიზაინს შორის, როდის უნდა წახვიდე კომპრომისზე და როდის უნდა დარჩე საკუთარი იდეისადმი ერთგული.

ზვიად, თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ დიზაინის ინტეგრაციას ბიზნესთან. თქვენს პროექტებში იკვეთება სტრატეგიული ბიზნეს ხედვა, ფიქრობთ ფასწარმოებაზე, მასალებზე, ყველა დეტალზე, რომელიც საჭიროა იდეების რეალიზაციისთვის. როგორ ახერხებთ ამას და როგორ ხედავთ დღევანდელ ქართულ ბაზარს, რა სიტუციაა მატერიალურ თუ ადამიანური რესურსების მხრივ?

ბიზნესი დიზაინის განუყოფელი ნაწილია. როდესაც მასიურ პროდუქტ წარმოებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ბიზნეს ელემენტები. საკუთარი ბრენდის შექმნამ, სულ სხვანაირად დამანახა ქართული ბაზრის შესაძლებლობები, თავისი გამოწვევებით, რწმენით, გემოვნებითა და ამპლიტუდებით. ახლა უკვე ყოველდღიურად ვგრძნობ მის პულსაციას და შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე დიდი აღმოჩნდა მისი მასშტაბი, ვიდრე წარმომედგინა.

ქართული მომხმარებელი ადგილობრივი პროდუქტის მიმართ ძალიან ლოიალურია, რაც გაძლევს საშუალებას, რომ გაიძლიერო პოზიცია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ფარგლებში. ჩვენს ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც. თუმცა არ გვაქვს სკოლა, რომელიც თანმიმდევრულად გასწავლის, როგორც პირად, ისე საგნობრივ დისციპლინას. ამის არ ქონა და გადადგმული ნაბიჯების არათანმიმდევრულობა, ქმნის ქაოსს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა ზრდასრულ ასაკშიც არ იციან, რისი კეთება უნდათ. ეს გავლენას ახდენს ადამიანის ფორმირებაზე და მის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

როგორც ვიცით, შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანეთ ბიზნეს წარმოება. რა გეგმები გაქვთ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ კუთხით?

მასიური წარმოება ისევ შვეიცარიაშია. საქართველოში იწარმოება ექსკლუზიური და ბევრად უფრო ხარისხიანი პროდუქტი.

ჩვენ ეტაპობრივად ვსინჯავთ ძალებს ამ მიმართულებით. გვაინტერესებს, რის გაკეთებას შევძლებთ და სადამდე გვეყოფა ტექნოლოგიური თუ ადამიანური რესურსი. გვაქვს კადრების სერიოზული პრობლემა. სულ ვეძებთ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებს. თქვენთან ინტერვიუს დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გაიარა, აქ წარმოებულმა საათმა ათი ბარის ტესტი. სულ მალე ოცდაათ ბარიან შემოწმებას გაივლის და შევძლებთ პროფესიონალი მყვინთავებისთვის დავამზადოთ საათი, რომელსაც შვეიცარიაში წარმოებულზე უფრო მაღალი ხარისხი ექნება.

და ბოლოს, თქვენ საშუალება გექნებათ ითანამშრომლოთ დიზაინის ინსტიტუტთან. თუ გაქვთ უკვე კონკრეტული მოსაზრებები, რა უნდა ისწავლებოდეს ამ მიმართულებით და როგორ ფიქრობთ თქვენი გამოცდილების გაზიარებას მომავალი თაობისთვის?

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის გაზიარება. სტუდენტებთან ვიმუშავებ დინამიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში, რადგან დიზაინი, სწორედ ბევრი კითხვის დასმას მოიაზრებს. ექნებათ საშუალება ჩაერთონ წარმოების პროცესში, დაესწრონ გამოფენებს და რაც შეიძლება მეტი, პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღონ. ეს პროცესი ჩემთვისაც სასიამოვნოა, რადგან მეც ბევრ რამეს ვსწავლობ ახალგზარდა თაობისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინ საინტერესო გზა გველოდება.

© ნინი პაპაშვილი

გაზიარება